ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ ტვ პირველი 23 ათასი ლარით დააჯარიმა

3 სექტემბერი, 2019 • 1705
კომუნიკაციების კომისიამ ტვ პირველი 23 ათასი ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიასმ ტვ პირველი მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო 23 513 ლარით დააჯარიმა.

კომისიის ინფორმაციით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ნაჩვენები იყო ფილმები, რომლის ჩვენების უფლებაც ტელეკომპანიას არ ჰქონია.

“კომისიის მხრიდან არაერთი მცდელობისა და კომპანიისთვის დამატებითი ვადის მიცემის მიზნით კომისიის სხდომების გადადების მიუხედავად, ტელეკომპანიამ აღნიშნულ ფილმებზე შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი კანონდარღვევის გამო, კომისიამ „ტვ პირველი“ 2019 წლის 7 მარტს წერილობით გააფრთხილა, ხოლო 30 მაისს ფინანსური ჯარიმა, კომპანიის შემოსავლის 0.1% – 3496.74 ლარის ოდენობით დააკისრა,”-აცხადებენ მარეგულირებელში.

GNCC-ის გადაწყვეტილებას არხის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ეხმაურება. მისი მტკიცებით, მათ ეთერში მხოლოდ ლიცენზირებული ფილმები გადიოდა, ხოლო მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება არხს ფინანსურ ზიანს მიაყენებს.

“ჯერ იყო კიბერშეტევით ტვ პირველის ეთერიდან გაქრობის საფრთხე, რაზეც გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ახლა, მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა ეთერში გაშვებული ლიცენზირებული ფილმების გამო. ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა მაინც დაგვაკისრა ჯარიმა. ტელევიზიას, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს. არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ! ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება,”-წერს წერეთელი Facebook-ზე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი