მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე პროვოკაციად აფასებს გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას.
გრიგოლ ვაშაძემ და “ძალა ერთობაშიას” სხვა წარმომადგენლებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, დღეს, 3 სექტემბერს, 19:00-ზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.
“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებაში გაგრძელდეს პოლიტიკური, სამოქალაქო ომი, დაპირისპირება და ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალება არ მიეცეს. ამის მოთმენა აღარ შეიძლება. იმის მაგივრად, მშვიდად ვემზადებოდეთ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს მეორე ცვლის. გახარიას პრემიერად წარდგენა არის სახეში შეფურთხება ჩვენი სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის, ოპოზიციურო სპექტრისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც 20 ივნისს თავის კონსტიტუციურ უფლებას იცავდნენ, თუმცა ჯანმრთელობა დაკარგეს. არცერთი ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ ღირს არც გახარიად და არც ქართულ ოცნებად, რომელიც განწირულია”, – აცხადებს ვაშაძე.
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს, 3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერობის ახალი კანდიდატი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება.