ახალი ამბები

ბესელია არ გამორიცხავს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეფერხდეს

2 სექტემბერი, 2019 • 1907
ბესელია არ გამორიცხავს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეფერხდეს

პარტიის “სამართლიანობისთვის” ლიდერი და მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეფერხდეს.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას მან აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო უკმაყოფილების ფონზე, შესაძლოა, პროცესების ესკალაციის საფრთხე შეიქმნას, რის პასუხადაც მმართველი გუნდი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდეს. ვინაიდან პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ფუნდამენტური ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა, ბესელია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ისევ მაჟორიტარული წესით ვარაუდობს.

“ასეთი ალბათობა შეიძლება არსებობდეს იმიტომ, რომ თუ ვინმეს არ აწყობს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება, ეს არის მმართველი პარტია. ამიტომ, თუ შევხედავთ აგვისტოს მოვლენებს, რომლებიც ძალიან მაღალი რეპრესიების ფონზე ვითარდებოდა, შესაძლებელია იმის დაშვებაც, რომ კრიტიკის, ნეგატიური განწყობების მატების ფონზე, საკმაოდ რთული პროცესები განვითარდეს შემოდგომაზე.

შესაძლებელია ისიც, რომ მოხდეს პოლიტიკური პროცესების ესკალაციაც, რასაც ხელს უწყობს როგორც მმართველი პარტია, ისე ყოფილი სახელისუფლებო პარტია. შედეგად, შეიძლება მივიღოთ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთ გზად შესთავაზოს საზოგადოებას ვადამდელი არჩევნები, თქვას, რომ ვერ ასწრებს ამ სესიაზე აღნიშნული ცვლილებების განხორციელებას და დარჩეს იგივე[მაჟორიტარული] სისტემა. ამის ალბათობა არსებობს იქამდე, სანამ არ იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ჯერ მხოლოდ კომისია იქმნება და დაწყებული არ არის განხილვა. ამიტომ გამოვთქვამ ამ ვარაუდს”, – აღნიშნავს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

სამთავრობო ცვლილებების ფონზე გახმიანებულ ვერსიაზე საუბრისას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელოს, პარლამენტმა მისი კანდიდატურა ჩააგდოს და ვადამდელი არჩევნები ამ გზით დაინიშნოს, ბესელია აღნიშნავს, რომ არაფერს გამორიცხავს.

“კონსტიტუციით არის ასეთი დაშვება, თუმცა ძნელად წარმომიდგენია. თუმცა გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან  არსებობს თეორიული შესაძლებლობა. თუმცა ძალიან სარისკო იქნებოდა ეს მმართველი პარტიისთვის, მაჟორიტარული სისტემის პირობებშიც კი”, – აცხადებს ის.

დაპირება, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება, 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა გაახმიანა. აღნიშნულს წინ უძღოდა  შეხვედრა როგორც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსთან, ისე – საპარლამენტო უმრავლესობასთან. პროპორციული არჩევნები პარლამენტის წინ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.


მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრობის პოსტის დატოვების შესახებ დღეს, 2 სექტემბერს, სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც მან შემდგომ, თოქ-შოუების წამყვანებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, გაზაფხულის ბოლოს ჰქონდა საუბარი.

სავარაუდოდ, 3 სექტემბერს დაზუსტდება პრემიერობის კანდიდატის ვინაობა. სანამ ბახტაძე გადადგებოდა,  ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“(IPN) საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მას შეცვლის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ამ პოსტზე კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძველი სახე, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი