ახალი ამბები

საპროტესტო აქციაში ლარის გაუფასურების წინააღმდეგ მხოლოდ 9 ადამიანი მონაწილეობდა [ფოტო]

25 თებერვალი, 2015 •
საპროტესტო აქციაში ლარის გაუფასურების წინააღმდეგ მხოლოდ 9 ადამიანი მონაწილეობდა [ფოტო]

“მე ვარ მაგისტრატურის სტუდენტი თავისუფალ უნივერსიტეტში და სწავლის გადასახადს ვიხდი ევროში [ევროს ექვივალენტით ლარში], აქედან გამომდინარე, ჩემი გადასახადი, ლარში თუ ვიანგარიშებთ, 30 პროცენტით უკვე გაძვირებულია. ასევე მაქვს ბიზნესი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია იმპორტთან. მაქვს ინტერნეტ-მაღაზია [MShOP], შემომაქვს ტანსაცმელი, აქსესუარები და მინდა გითხრათ, რომ მომხმარებელი, რომელიც ხედავს კრიზისს, აღარ ყიდულობს… ყველა იწყებს დაზოგვას, ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკის პრინციპია ეს. ერთი-ორად შემიმცირდა გაყიდვები, როცა გაუფასურებამ 25 -პროცენტიან ნიშნულს მიაღწია, უახლოეს მომავალში ხალხი ალბათ უფრო მეტად დაიწყებს ფულის დაზოგვას”, – ნეტგაზეთან საუბარში ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი თამარ გოგოლაშვილი, რომელიც თავსიუფალ უნივესიტეტი ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობს.

 

თსუ-ს სტუდენტი დავით გაბაძე აცხადებს, რომ იგი სწავლის გადასახადს ლარში იხდის, თუმცა, მისი ინფორმაციით, სწავლა ყველა იმ ადამიანს გაუძვირდა, რომლის შემოსავალიც ლარშია, ხოლო გადასახადი- ევროსა და დოლარის ექვივალენტში.

“მე პირდად ანაბარი მაქვს ლარში გახსნილი, რომელიც 30 პროცენტით გაუფასურდა და დაახლოებით 2000 ლარით წავედი მინუსში.  საშუალოდ რომ ავიღოთ, 1000 ლარი 30 პროცენტით გაუფასურდა, შესაბამისად, რაც მეტი მაქვს ანაბარი, უფრო მეტი მოაკლდა. მაგალითად, დოლარში რომ გადამეცვალა აქამდე, თუ 5000 დოლარი გამომივიდოდა, ახლა დაახლოებით 3200 დოლარი გამომივა”, – ამბობს გაბაძე და დასძენს, რომ პირადად იგი ოჯახში პროდუქტებს არ ყიდულობს, თუმცა მის ოჯახს პროდუქტებზე ფასების მატება მძიმედ შეეხო.

 

აქციაზე მიუსლი კიდევ ერთი ადამიანი ოთარ ბექაური აცხადებს, რომ თანხა დოლარში ციფრული ფოტოაპარატისთვის აქვს ნასესხები და თავდაპირველად გაანგარიშებული 30 ლარის ნაცვლად კურსის ცვლილების გამო ახლა თვეში 45 ლარის გადახდა უწევს.

ბიზნეს-კონსულტანტი ლაშა რამიშვილი კი აცხადებს, რომ 1,5 წლის წინ ბინის შესაძენად გამოიტანა ბანკიდან სესხი დოლარში. უცხოურ ვალუტაზე არჩევანი იმიტომ შეაჩერა, რომ დოლარში ბანკი უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობდა, ახლა კი, როცა დაახლოებით 80 ათასი დოლარი აქვს დარჩენილი გადასახადი, აღმოჩნდა, რომ ლარის კურსის გაუფასურების შედეგად თვეში გადასახადი 848 ლარითა და 70 თეთრით გაუძვირდა. ლაშა რამიშვილის თქმით, ხელფასს ისიც ლარში იღებს.


თამარ გოგოლაშვილი, ლაშა რამიშვილი, ოთარ ბექაური და დავით გაბაძე კიდევ 5 ადამიანთან ერთად დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას გამოფხიზლებისაკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებს სკოლის რამდენიმე  მოსწავლეც შეუერთდა. მათ ლარის სიმბოლო ყვავილებით გაასვენეს.  აქციის ორგანიზატორი, სტუდენტი გოგოლაშვილიც აღიარებს, რომ 9 ადამიანი მსგავსი ტიპის აქციისათვის ცოტაა. ფეისბუკის გვერდზე, სადაც აღნიშნული აქციის ონლაინ-ორგანიზება მიმდინარეობდა, ქსელის 90-მა ადამიანმა დაადასტურა, რომ მიტინგში მონაწილეობას მიიღებდა.


საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - 25.02.15
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან – 25.02.15

 

“მართლა გაურკვეველია, რატომ არ მოვიდა ხალხი, ალბათ ყველა რაღაც დიდ აჟიოტაჟს ელოდება საქართველოში, ასე ხშირად ხდება ხოლმე, ითმენს ხალხი და შემდეგ ერთიანად აბობოქრდება”.

 

ლაშა რამიშვილი კი ლარის გაუფასურების გამო პასუხისმგებლობას არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ეროვნულ ბანკსაც აკისრებს. რამიშვილის თქმით, დოლარში აღებული სესხების გადავადების ის შესაძლო ფორმულა, რომლის შესახებაც განცხადება დღეს გიორგი ქადაგიძემ გააკეთა, პირდად მისთვის შეღავათი არ არის:

“მე იგივე წარმატებით შემეძლო მივსულიყავი ჩემს ბანკში, პეროსნალური ბანკირისთვის მეთხოვა, რომ ვადა გამიზარდეთ, ბევრი პროცენტი გადამახდევინეთ და ბოლომდე გამწეწეთ-მეთქი. შემოსავალი ლარში მაქვს. სესხების უმეტესობა, ჩემი აზრით, საქართველოში დოლარშია გაცემული. იმ ფულის უკან ხალხი დგას, რომელთაც ოჯახები ჰყავთ, მათ შორის მე და როგორ მოვიქცეთ? ვმუშაობთ, არაფერი დაგვიშავებია, კანონი არ დაგვირღვევია, ძალიან ბევრი ანალიზის საფუძველზე ავიღე სესხი და 1,5 წელიწადში ასეთი რაღაც მოხდა. დღეს 9 პროცენტში მაქვს სესხი, მაგრამ იმდენად გაუფასურებულია ლარი, 6 და 7 პროცენტშიც რომ მქონდეს ეს სესხი, აზრს კარგავს, მაინც გამიძვირდებოდა გადასახადი”, – აცხადებს რამიშვილი.


საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - 25.02.15
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან – 25.02.15

საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - 25.02.15
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან – 25.02.15


მასალების გადაბეჭდვის წესი