ახალი ამბები

ქადაგიძე: იმპორტზე მოთხოვნის შემცირება ლარის დასტაბილურებას გამოიწვევს

25 თებერვალი, 2015 • 1105
ქადაგიძე: იმპორტზე მოთხოვნის შემცირება ლარის დასტაბილურებას გამოიწვევს

“დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ მივიღეთ ლარის 30%–იანი გაუფასურება. ეს ჯერ ბოლომდე არ ასახულა იმპორტზე. იმპორტზე ასახვა მოხდება და ეს დაწყებული არის, რაც ნიშნავს, რომ იმპორტი შემცირდება. იმპორტის შემცირება თავისთავად ნიშნავს ნაკლებ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და, შესაბამისად, ლარი არსებული მონაცემებით უნდა დასტაბილურდეს უახლოეს მომავალში”, – განაცხადა ქადაგიძემ.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურ და კომერციულ კურსებს, ასევე ვალუტის ყიდვა–გაყიდვის კურსებს შორის განსხვავებებს მოკლევადიანი რყევების მოლოდინები იწვევს.

 

“როგორც წესი, ეს არის ყოველთვის რამდენიმედღიანი შუალედი”, – აღნიშნა მან.

 

ქადაგიძის განმარტებით, ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური გარანტია და ის შეასრულებს თავის მოავალეობას, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.  იმისთვის, რომ ლარის კურსს ჰქონდეს გამყარების მიმართულება, უნდა გამოსწორდეს ფუნდამენტური ფაქტორები და ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები გაიზარდოს.

 

“ჩვენ მიმდინარე პროცესებს ძალიან დიდი ყურადღებით ვუდგებით. არ გვაქვს უფლება დავუშვათ შეცდომა, იმიტომ, რომ ჩვენ ჩარევას აქვს კონკრეტული ფასი.  კომენტარები ჩვენს თითქოსდა დაგვიანებულ რეაქციასთან დაკავშირებით არ არის სწორი.  ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები და თანმიმდევრულობის პოლიტიკას გავაგრძელებთ, როგორც მანამდე”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

დღეს ეროვნულ ბანკში გიორგი ქადაგიძე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა.  ერთი კვირის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინონ გეგმა, თუ რას განახორციელებენ იმისათვის, რომ მდგომაროება შეუმსუბუქდეთ იმ კლიენტებს, რომლთაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, ხოლო შემოსავალს ლარში იღებენ. 


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღევანდელი მდგომარეობით დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ლარი 2.2619 ნიშნულზე, ხოლო ევროსთან მიმართებაში  – 2.5573 ნიშნულზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი