ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საოკუპაციო ძალების საფრენი აპარატი ქართველ პოლიციელებს არ ჩამოუგდია – სუსი

1 სექტემბერი, 2019 • 1623
საოკუპაციო ძალების საფრენი აპარატი ქართველ პოლიციელებს არ ჩამოუგდია – სუსი

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

“მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას”.

უწყების ცნობითვე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დღეს, პირველ სექტემბერს ცხინვალმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ  “ქართული სოფლის, კობის მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით იყო სროლა მათ უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის რაიონში, სოფელ წნელისის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარულ მისიას და ვიდეოდაკვირვებას ახორციელებდა. სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა პირდაპირი პროვოკაციაა ქართული მხრიდან”.

ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა ფეისბუკზე წერს, რომ ოსური მხარის საფრენი აპარატი მისმა ჯგუფმა ჩამოაგდო.

დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ოსური მხარის საფრენი აპარატი “ძალა ერთობაშიამ” ჩამოაგდო

მასალების გადაბეჭდვის წესი