ახალი ამბები

სავალდებულო ჰიჯაბის მოწინააღმდეგე აქტივისტ ქალს ირანში 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

29 აგვისტო, 2019 • 1380
სავალდებულო ჰიჯაბის მოწინააღმდეგე აქტივისტ ქალს ირანში 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სავალდებულო ჰიჯაბის მოწინააღმდეგე აქტივისტს, საბა ქორდ აფშარის, თეირანის სასამართლომ 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” სპარსული სამსახური მის ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება.

აქტივისტს 15 წელი სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ მოქმედებისთვის განუსაზღვრეს, დამატებით 9 წელი კი, “არალეგალური გამოსვლისა” და “რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის”.

საბა ქორდ აფშარი თავდაპირველად გასულ წელს, ანტისამთავრობო პროტესტის დროს დააპატიმრეს, რამდენიმე თვის შემდეგ კი გაათავისუფლეს. მეორედ მაისში დააკავეს, სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ აქტივიზმისთვის.

ამავე მიზეზით აგვისტოს დასაწყისში ირანში კიდევ 3 ქალი დააპატიმრეს. ყველა მათგანმა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, თეირანის მეტროში საპროტესტო ვიდეო გადაიღო და ქალთა უფლებების მხარდამჭერი ლოზუნგები გაახმიანა.

ირანის კანონმდებლობა ჰიჯაბის საჯაროდ მოხდას და მის წინააღმდე პროტესტს პირდაპირ არ არეგულირებს, თუმცა მთავრობა კვლავ ცდილობს, მკაცრად გააკონტროლოს 1979 წელს, ისლამური რესპუბლიკის დამყარების შემდეგ დამკვიდრებული ნორმა.

ქვეყანაში სავალდებულო ჰიჯაბის საწინააღმდეგო კამპანია რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მისი ინიციატორი ირანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, მასიჰ ალინეჟადია. კამპანიის ფარგლებში მოქალაქეები, უმეტესწილად, ქალები, ისლამური რესპუბლიკის მიერ შემოღებულ კანონს, ისევე როგორც პოლიციისა და სხვათა ძალადობრივ ქმედებებს, სხვადასხვა ფორმით უპირისპირდებიან, ყოველივე ამას კი იღებენ და ავრცელებენ.

ირანში არაერთი აქტივისტი და ქალთა უფლებადამცველი იმყოფება პატიმრობაში. მათ შორისაა ცნობილი უფლებადამცველი ნასრინ სოთუდე, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში, ოჯახის ცნობით, 38-წლიანი პატიმრობა და 148 შოლტი მიუსაჯეს. ის სხვა ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად იმ ქალების უფლებებსაც იცავდა, რომლებიც ირანში სავალდებულო ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის გამო მისცეს პასუხისგებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი