ახალი ამბები

ბრაზილიელი გუბერნატორები ბოლსონაროს G7-ის დახმარების აღებისკენ მოუწოდებენ

28 აგვისტო, 2019 •
ბრაზილიელი გუბერნატორები ბოლსონაროს G7-ის დახმარების აღებისკენ მოუწოდებენ

ბრაზილიის იმ ცხრა შტატის გუბერნატორები, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ ამაზონის ჯუნგლებში გაჩენილი ხანძრები, პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს მოუწოდებენ, მიიღოს დახმარება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისგან.

ბოლსონარომ უარი თქვა $22 მილიონზე, რომლის გამოყოფასაც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აპირებდნენ ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძართან ბრძოლაში დასახმარებლად.

თავდაპირველად იგივე პოზიცია ჰქონდათ მთავრობის წევრებსაც, თუმცა ბოლსონაროსთან შეხვედრის შემდეგ პოზიცია შეიცვალეს და განაცხადეს, რომ დახმარებას მიიღებენ, თუკი თვითონ ექნებათ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ, თუ როგორ/რაში დახარჯონ თანხები.

ბოლსონაროს უარს წინ უძღოდა მის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კრიტიკა. მაკრონი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ამაზონის საკითხის განხილვის ინიციატორი იყო. ბოლსონარომ თქვა, რომ პარიზი ბრაზილიას ისე ექცევა, როგორც კოლონიას, მაკრონს კი ხანძრის საკითხის წამოწევა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა 26 აგვისტოს სამიტზე გადაწყვიტეს, ამაზონის ტყის ხანძრების შესაჩერებლად მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსი გამოეყოთ $22 მილიონის ოდენობით. მაკრონის თქმით, პირველ რიგში სასწრაფოდ შეიძენენ ამ მასშტაბის ხანძრის ჩასაქრობად საკმარის სახანძრო ვერტმფრენებს.

“დიდ შვიდეულში” შედიან კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში.


ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების ინტენსივობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ქვეყნის კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ჯუნგლებში, რომელიც მილიონამდე ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელიცაა, ხანძართა რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი.

თავდაპირველად, ქვეყნის პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე, ჟაირ ბოლსონარო აცხადებდა, რომ ბრაზილიას არ ჰქონდა ხანძართან ბრძოლის რესურსები.

გარემოსდამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ამაზონის ტყის გადასარჩენად მუშაობენ, ვითარების გაუარესებაში ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს და მთავრობას ადანაშაულებენ.

მათი თქმით, პრეზიდენტმა, რომელმაც პოსტი მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა, გარემოს დაცვის კონტროლი შეამსუბუქა, ტყის გადარჩენის ნაცვლად კი ბიზნესის ინტერესების სამსახურში ჩადგა.

ბოლსონაროს ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება „ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება“ იყო ამაზონის პოტენციალის ათვისების ხარჯზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი