ახალი ამბები

20 ივნისის დარბევისას უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალი კიდევ 1 პოლიციელს წარედგინა

27 აგვისტო, 2019 • 846
20 ივნისის დარბევისას უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალი კიდევ 1 პოლიციელს წარედგინა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის მონაწილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ბრალი წარედგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობდა დაკავებულის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების წინაპირობა და აუცილებლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

20-21 ივნისს მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება.

ამ დროისთვის უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალი შსს-ს 3 თანამშრომელს აქვს წაყენებული.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი