“დასამალი არ არის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით, დავბრუნებოდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ არსებულ ვითარებაში მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის დროული და ხელს შეუწყობს როგორც იმერეთის რეგიონის განვითარებას, ასევე მიმდინარე პროცესების ეფექტურ წარმართვას,”– განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა მეფარიშვილმა.
მან საკუთარი გუბერნატორობის პერიოდზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “2014 წლის შედეგების მიხედვით იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაცია იყო ერთ–ერთი წარმატებული გაწეული მუშაობის შედეგების მიხედვით, ხოლო განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით – საუკეთესო.”
ზაზა მეფარიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და პრემიერს, მთავრობის შემადგენლობასა და ახალ გუბერნატორს წარმატებებს უსურვა.
ზაზა მეფარიშვილი იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას 2013 წლის დეკემბრიდან იკავებდა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.