ახალი ამბები

მაია ასათიანი რ2-ზე რჩება, ჯავახიშვილი „მთავარ არხზე“ მიდის — გვარამია

26 აგვისტო, 2019 • 4427
მაია ასათიანი რ2-ზე რჩება, ჯავახიშვილი „მთავარ არხზე“ მიდის — გვარამია

როგორც „ნეტგაზეთს“ ახლად დაფუძნებული ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა, „რუსთავი 2-დან“ „მთავარ არხზე“ გადადის იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი და მისი შემოქმედებითი ჯგუფის დიდი ნაწილი; მისი თქმითვე, „პროფილის“ წამყვანი მაია ასათიანი „რუსთავი 2-ზე“ რჩება.

ვანო ჯავახიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ დასრულდა მისი 16-წლიანი მოღვაწეობა რუსთავი 2-ზე. „არ გემშვიდობებით, შევხვდებით მალე“, — დაწერა მან. როგორც ნიკა გვარამიამ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ჯავახიშვილი „მთავარ არხზე“ მიდის.

ნიკა გვარამიას თანახმად, მაია ასათიანი, რომელსაც გადაცემა „პროფილი“ მიჰყავს, დარჩა „რუსთავი 2-ზე“.

მას შემდეგ, რაც ახალმა მენეჯმენტმა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე გაათავისუფლა, კურიერის გუნდმა სხვა თანამშრომლებთან ერთად არხი დატოვა.

„ჩვენთან [მთავარ არხზე] იქნება ყველა ის ჟურნალისტი, ვინც ქმნიდა ამქვეყნად საუკეთესო ნიუსრუმის სახეს“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ ნიკა გვარამიამ, თუმცა ჯერჯერობით არ დაუზუსტებია, ზუსტად რამდენი ადამიანი წავიდა რ2-დან „მთავარზე“.

გვარამიას თქმითვე, „მთავარ არხს“ რამდენიმე ასეული თანამშრომელი ეყოლება, თუმცა არა იმდენი, რამდენიც „რუსთავი 2“-ში ჰყავდათ. ყოფილი გენერალური დირექტორის თანახმად, რ2-ს 800 თანამშრომელი ჰყავდა.

კურიერი 20 აგვისტოდან, ანუ მას შემდეგ, რაც წამყვანებმა არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს, ეთერში აღარ გადის. სიახლეები არც არხის ვებსაიტზე იდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი