საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია აცხადებს, რომ მისი უდიდესი სურვილია, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში თავისივე პრეზიდენტობის ვადაში იხილოს.
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, 26 აგვისტოს, პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც აღნიშნულია:
“მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება.
ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას. მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ იმ დროის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების, თავისუფალი არჩევანის და სიტყვის თავისუფლების უფლება, მსგავსად საქართველოს ყველა მოქალაქისა, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, როგორიც ეკადრება დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის – საქართველოს მოქალაქეს!”
ზურაბიშვილის თქმით, რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის”აღიარებით დაარღვია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები. როგორც პრეზიდენტი განმარტავას, “საქართველოს არცერთი ხელისუფლება, არც მოქმედი, არც მომავალი, სანამ არ აღდგება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დარღვეული მთლიანობა, არ და ვერ შევეგუებით ამას ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ვინც არ მიიღო ეს ფაქტი, დაგმო და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა”
“დღეს, რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო, აფხაზურ და ოსურ კულტურას, ენას, ზოგადად იდენტობას კიდევ უფრო მძიმე საფრთხე ემუქრება -გაქრობის წინაშეა. ჩვენი ერთობლივი ისტორია კი სწორედ იმის დასტურია, რომ ქართველთა გარეშე აფხაზთა და ოსთა ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა ვერ მოხდება”, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი ასევე ხაზს უსვამს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდომარეობას და აქცენტს აკეთებს სამომავლოდ ერთად ცხოვრების რესურსზე.
“აფხაზებთან და ოსებთან ჩვენი საერთო ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მძიმე პერიოდები ყოფილა, მაგრამ უფრო მეტია სიყვარული, მეგობრობა, ნათესაობა და ურთიერთპატივისცემა”, – აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.