ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საგარეო: ევროპის და ამერიკის ქვეყნები გმობენ აფხაზეთში გამართულ დე ფაქტო არჩევნებს

26 აგვისტო, 2019 • 1050
საგარეო: ევროპის და ამერიკის ქვეყნები გმობენ აფხაზეთში გამართულ დე ფაქტო არჩევნებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პოლონეთის მხარის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, შემდეგი ტექსტით:

„ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში, ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება,“ – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

პირველადი შედეგების მიხედვით, მეორე ტური ამჟამინდელი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და ალხას კვიცინიას შორის გაიმართება. კანდიდატებმა პირველ ტურში თითქმის ერთნაირი შედეგები აჩვენეს – რაულ ხაჯიმბა 26,6% და ალხას კვიცინია – 24,6%.

დე ფაქტო არჩევნებში სულ ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა.  პირველადი შედეგებით, მესამე ადგილზე ოლეგ არშბა, ყოფილი დე ფაქტო საგარეო მინისტრი გავიდა, რომელიც მეორე ტურს გამოეთიშება. დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56% შეადგინა. მეორე ტური ორი კვირის განმავლობაში უნდა დაინიშნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი