ახალი ამბები

პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკოაციებზე – ზურაბიშვილი

24 აგვისტო, 2019 • 848
პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკოაციებზე – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოში სტაბილურობა და დემოკრატია შენარჩულებულია, რაც ხელისუფლების მთავარი მიღწევაა.

კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა იმ მოვალეობებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, პრეზიდენტს საქართველოს კონსიტუცია აკისრებს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე უნდა ზრუნავდეს, თუმცა სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე არ უნდა რეაგირებდეს.

“რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე. მთავრობასთან ერთად ზრუნავდეს მათი პირობების გაუმჯობესებაზე, რამეთუ ისინი ქვეყნის მთლიანობის სადარაჯოზე დგანან. მაგრამ, პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკოაციებზე და სხვისი დღის წესრიგის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს.

ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი – დემოკრატია და სტაბილურობა. მე ვზრუნავ იმაზე, რომ ვეძებოთ ყველა გზა და ყველა საშუალება რათა მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოპკუპირებული ტერიტორიები, რომ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ, რომ ჩვენი პარტნიორების ამ მიზნით ამოქმედება და მათგან უფრო მეტ მხარდაჭერას მივაღწიოთ სრულიად უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად,”-განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის შვებულება საზოგადოების ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა იმ ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი არ ჩასულა გუგუტიანთკარში, სადაც 7 აგვისტოდან საოკუპაციო ძალები მავთულხლართებს ამონტაჟებენ. ამავდროულად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი “ლოპოტაზე” ისვენებს.

სალომე ზურაბიშვილს გუგუტიანკარში მიმდინარე პროცესებზე არც განცხადება გაუვრცელებია, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იგი კონტაქტში იმყოფებოდა უცხოელ პარტნიორებთან და მათ აწვდიდა დეტალურ ინფორმაციას არსებულ ვითარებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი