სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” [ISFED] ია კერზაიას საქმეზე 2019 წლის 26 მარტს ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.
ევროპული საქართველო ია კერზაიას საქმეზე საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის განცხადებით, მომხდარზე საკომიტეტო მოკვლევის ჩატარება პარტიამ ადრეც მოთხოვა, თუმცა რადგან გამოძიებას პროკურატურა აწარმოებდა, პარლამენტში მოკვლევა არ დაწყებულა.
“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი ამბავი პირდაპირი ასახვაა იმ პოლიტიზირებული სიტუაციის, რომელიც
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშია შექმნილი და დასტური, რომ განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად. რაც არაერთხელ დადასტურებულა და თვალნათლივ გამოვლინდა ბოლოს არჩევნების პერიოდში სწორედ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რის შემდგომაც ,,ევროპული საქართველო” განსაზღვრავს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას,”-აცხადებს რატიანი.
გუშინ, 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.
ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.
კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, ჩატარებულ ინსპექცია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, რასაც პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. როგორც ბაჩანა შენგელიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შეუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”. ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.