ახალი ამბები

წელს საქართველოში სახელფასო სხვაობასთან ბრძოლის დღე პირველად აღინიშნება

23 აგვისტო, 2019 • 1835
წელს საქართველოში სახელფასო სხვაობასთან ბრძოლის დღე პირველად აღინიშნება

ქალთა მოძრაობა წელს, 23 აგვისტოს, პირველად აღნიშნავს სახელფასო სხვაობასთან ბრძოლის დღეს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში ქალისა და კაცის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა 36%-ია. ეს ნიშნავს, რომ კაცის მიერ გამომუშავებული ყოველ ერთი ლარზე, იგივე ძალისხმევის გაწევის მიუხედავად, ქალი მხოლოდ 64 თეთრს გამოიმუშავებს.

ქალთა მოძრაობის მოსაზრებით, 36%-იანი სახელფასო სხვაობა ასევე ნიშნავს, რომ დღეიდან, 23 აგვისტოდან,  საქართველოში ქალები წლის ბოლომდე უფასოდ მუშაობენ, მაშინ როცა კაცები ჩვეულებრივ იღებენ ანაზღაურებას:

“კვლევებით დასტურდება, რომ მაღალი სახელფასო სხვაობა პირდაპირ ზრდის ეკონომიკურად არააქტიური ქალების რაოდენობას; სახელფასო სხვაობის მაღალი მაჩვენებელი ცუდად აისახება ბავშვთა სიღარიბეზე – რაც უფრო ღარიბია დედა, მით უფრო გაჭირვებაში უწევს ცხოვრება ბავშვს; სახელფასო სხვაობა ქალებს ეკონომიკურად დამოკიდებულს ხდის ოჯახზე, რაც თავის მხრივ ზრდის ქალზე ძალადობის რისკს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სახელფასო სხვაობას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია სახელფასო დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე გენდერის ნიშნით, აუნაზღაურებელი საშინაო შრომის ტვირთი, “შუშის ჭერი”, ანუ უხილავი ბარიერები დაწინაურებაში და სამსახურების დაყოფა ქალურ და კაცურ სამუშაოებად და სექტორებად:

“ქვეყანაში არსებული სიღარიბის ფონზე გაუმართლებელია ეკონომიკურად არააქტიური ქალების მაღალი დონე (საქსტატის მონაცემებით ქალების 42% ეკონომიკურად არააქტიურია). მთავრობამ უნდა უზრუნველყოს არადისკრიმინაციული სახელფასო და სამუშო პირობები, რაც გამოიწვევს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. უცხო ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სახელფასო სხვაობა დაიძლევა კონკრეტული რეფორმების გატარების გზით”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კაპმანიაში ჩაერთო სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის ზრდის მათ მოწყვლადობას დისკრიმინაციის და ოჯახში ძალადობისადმი.

სახალხო დამცველის თქმით, სქესთა შორის განსხვავებული ანაზღაურება უარყოფითად აისახება ქალთა თანასწორუფლებიანობის ზოგად მდგომარეობაზე და ცალკეული ძირითადი უფლებების დისკრიმინაციულად შეზღუდვის საფუძველს ქმნის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კვლავ არსებობს სტერეოტიპები, რომელიც ქალს სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობისას გენდერულ ბარიერებს განუსაზღვრავს, ფინანსური შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების არსებობამ შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, ქალების გარკვეული ჯგუფის სოციალური მარგინალიზაცია გამოიწვიოს:

“ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ოჯახში ძალადობასთან, ვინაიდან ოჯახში ძალადობის თავის დაღწევის ერთ-ერთ დაბრკოლებას სწორედ მოძალადეზე ან მის ოჯახზე ფინანსური დამოკიდებულება წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა განისაზღვროს თანაბარი ღირებულების შრომა, რაც შემდგომში, სახელფასო სხვაობის ზუსტი მონაცემის დადგენას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას აბრკოლებს. ამასთან, არასაკმარისია სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით”, – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  • შრომის კოდექსით აიკრძალოს სახელფასო დისკრიმინაცია;
  • შეიქმნას სახელფასო სხვაობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს სახელფასო სხვაობის გამომწვევ ფაქტორებთან ბრძოლის მექანიზმებს;
  • სახელმწიფომ მოიზიდოს და განახორციელოს ინვესტიციები სოციალური ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, რაც ქალების საშინაო ტვირთის გადანაწილებას შეუწყობს ხელს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს;
  • შეიქმნას დიასახლისებზე და ეკონომიკურად არააქტიურ ქალებზე მორგებული პროფესიული გადამზადების პროგრამები;
  • ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აიღოს პასუხისმგებლობა, შეიმუშაოს და გაგვაცნოს ქალების ეკონომიკური გაძლიერების სტრატეგია.

საქართველოს სახალხო დამცველი კი მოუწოდებს შესაბამის სამთავრობო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის პრობლემის განხილვაში და დაიგეგმოს ეფექტური ღონისძიებები არსებული დისბალანსის შემცირების და ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი