ახალი ამბები

კვესიტაძემ R2-ის ახალი მენეჯმენტის მხრიდან დისკრიმინაციის დასადგენად ომბუდსმენს მიმართა

23 აგვისტო, 2019 • 2067
კვესიტაძემ R2-ის ახალი მენეჯმენტის მხრიდან დისკრიმინაციის დასადგენად ომბუდსმენს მიმართა

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ მის მიმართ სამაუწყებლო კომპანიის მხრიდან დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით სახალხო დამცველს მიმართა.

როგორც “საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციაში” (საია) აცხადებენ, რომელიც კვესიტაძის ინტერესებს იცავს, “რუსთავი 2-ში” განხორციელებული და დაანონსებული საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.

არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ხოლო ეკა კვესიტაძის და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გათავისუფლებას მათი შვებულებიდან დაბრუნებისთანავე გეგმავს. აღნიშნული პოლიტიკის გამო პროტესტის ნიშნად არაერთმა ჟურნალისტმა ტელევიზია უკვე დატოვა.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვესიტაძესთან “რუსთავი 2”-ს ამ დრომდე არ შეუწყვეტია შრომითი ხელშეკრულება, მას დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება.

საიაში აცხადებენ, რომ წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს განსხვავებული მოსაზრებების გამო მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას, რაც ამ ეტაპზე მისთვის კუთვნილი ხელფასის გაუცემლობაში ვლინდება.

შესაბამისად, ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩივარში სახალხო დამცველს სთხოვს მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლას და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას.

„კრემლის მთავარი მსახურის ეთერში ვერ დავრჩებით“ – კურიერის წამყვანებმა ეთერი დატოვეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი