შეცვლილი ბარელიეფი სასახლის ფასადზე, სოფელ სუჯუნაში. ფოტო: "რადიო ათინათი"

წმ. გიორგის ბარელიეფი დევის ნაცვლად – აკაკი ხოშტარიას საუკუნოვანი სასახლის ფასადი გადააკეთეს

რამდენიმე დღეა, ფეისბუკზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში მდებარე საუკუნოვანი სასახლე, რომელიც ამჟამად საპატრიარქოს საკუთრებაშია, უხეში არქიტექტურული ჩარევების შედეგად დაზიანდა. გარკვეული თვითნებური ქმედებების შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ადასტურებენ, საპატრიარქოში კი ამბობენ, რომ გასულ პერიოდში ძეგლის მდგომარეობა არათუ გაუარესდა, არამედ გამოსწორდა.

ქართველმა ფინანსისტმა აკაკი ხოშტარიამ სასახლე სოფელ სუჯუნაში 100 წლის წინ ააგო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანახმად, ძეგლის სტატუსი მას 2014 წლიდან აქვს.

მიმდინარე კვირაში ფეისბუკზე გავრცელებული ცნობის თანახმად, ძეგლი, რომელიც საპატრიარქოს საკუთრებაა, მეუფის რეზიდენციისათვის მზადდება.

“ამჟამად შესულები არიან დედები, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შენობას ამზადებენ მეუფის რეზიდენციისთვის. ჩამოხსნილია უნიკალური ბარელიეფები და მიმდინარეობს შენობის უხეში გადაკეთება”, – ვკითხულობთ ფეისბუქ-პოსტში.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ ძეგლი უკვე 10 წელია საპატრიარქოს საკუთრებაა. სააგენტოში დაადასტურეს, რომ გასული პერიოდის განმავლობაში ძეგლზე ჩარევის ფაქტები დაფიქსირდა. კერძოდ, 4 წლის წინ, 2015 წელს, შენობის ფასადიდან მოხსნეს ბარელიეფი. აღნიშნულზე გამოძიება მალევე დაიწყო და სააგენტოს თანამშრომელიც გამოიკითხა.

“არ ვიცით, ვისი ხელდასმით, თუმცა ეს ნაგებობა სერიოზული არქიტექტურული გავლენის ქვეშ მოექცა, იყო არასათანადო ჩარევები”, – აცხადებენ უწყებაში. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას და ცნობას, რომ ძეგლი ისევ ზიანდება, სააგენტოში აცხადებენ, რომ ვითარებას მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე შეისწავლის.

ჩარევა, რომელზეც სააგენტოში საუბრობენ, თვალნათელია. “რადიო თავისუფლების” 2015 წლის ფოტოზე სასახლის ფასადზე განთავსებული დევის ბარელიეფი ჩანს.

ბარელიეფი სასახლის ფასადზე, სოფელ სუჯუნაში. ფოტო: Tamar Zantaraia/(RFE/RL)

ბარელიეფი სასახლის ფასადზე, სოფელ სუჯუნაში. ფოტო: Tamar Zantaraia/(RFE/RL)

შემდგომ გადაღებულ ფოტოებზე კი ჩანს, რომ ზემოაღნიშნული ბარელიეფი მოხსნილია და რელიგიური შინაარსის სიმბოლიკით არის ჩანაცვლებული.

შეცვლილი ბარელიეფი სასახლის ფასადზე, სოფელ სუჯუნაში. ფოტო: Facebook/ხათუნა თოდუა

შეცვლილი ბარელიეფი სასახლის ფასადზე, სოფელ სუჯუნაში. ფოტო: Facebook/ხათუნა თოდუა

შეცვლილი ბარელიეფი სასახლის ფასადზე, სოფელ სუჯუნაში. ფოტო: "რადიო ათინათი"

შეცვლილი ბარელიეფი სასახლის ფასადზე, სოფელ სუჯუნაში. ფოტო: “რადიო ათინათი”

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე 4 წლის წინ დაწყებული გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს 259​2 პრიმა მუხლით, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 2015 წლიდან დღემდე არ გამოკვეთილა, კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობაა ძეგლის დაზიანება.

სასახლის გარშემო გავრცელებულ ცნობებს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი დღეს, 23 აგვისტოს გამოეხმაურა. მისი თქმით, ინფორმაცია “სიმართლეს სრულად არ ასახავს”.

“სუჯუნაში არსებული სასახლე საპატრიარქოსთვის არ გადაუციათ, როგორც ეს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, არამედ ათი წლის წინ აუქციონის წესით გაიყიდა. იქ არ არიან შესული დედები და არც მეუფის რეზიდენცია კეთდება.

სასახლე მართლაც იყო მიუხედავი, ჩადიოდა წყალი და იყო სავალალო მდგომარეობაში მანამ, სანამ გაიყიდებოდა. ეპარქიის მიერ აქამდე ჩატარებული სამუშაოების შედეგად ნაწილობრივ გამოსწორებულია მდგომარეობა”, – აღნიშნავს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში. მისივე თქმით, ადგილზე იგეგმება შიდა აღდგენითი სამუშაოები სააგენტოსთან შეთანხმებით.

შენობის პირვანდელი სახის ხელყოფა, ისევე როგორც მისი მეუფის რეზიდენციად გადაკეთების გეგმა, “რადიო ათინათთან” საუბრისას აბაშის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამაც უარყო. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ჩამოხსნეს ბარელიეფი, სასულიერო პირი პასუხობს, რომ ფიგურა დაზიანებული და ჩამოცვენის პირას იყო.

“როგორც კაჭარავა გვიყვება, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მის ნაცვლად წმინდა გიორგის ბარელიეფი ჩაესვათ”, – წერს “რადიო ათინათი”.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ასევე ამბობენ, რომ 10 წლის წინ შენობის მდგომარეობა მძიმე იყო, ჩადიოდა წყალი და ზიანდებოდა ისტორიული ინტერიერი. უწყების თანახმად, შენობის საპატრიარქოს საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, მოშალეს საბჭოთა დროს აგებული დერეფანი, რომელიც სასახლეს ადგილობრივ სკოლასთან აკავშირებდა და არ იყო მისი ორგანული ნაწილი. აგრეთვე შეცვალეს სახურავი, საიდანაც მანამდე წყალი ჩამოდიოდა და კარი, რომელიც, სააგენტოს თანახმად, ავარიული იყო.

უწყების ინფორმაციით, როგორც სახურავის, ისე კარის გამოცვლისას ძველის იდენტური ფორმები და მასალა გამოიყენეს, თუმცა საპატრიარქოს სააგენტოსგან ნებართვა არ აუღია, რადგან მაშინ სასახლეს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა. შესაბამისად, უწყების სპეციალისტებს პროცესისთვის ზედამხედველობა არ გაუწევიათ.

“გვაქვს შეთანხმება, რომ სამომავლოდ ამ სახლში მოეწყოს აკაკი ხოშტარიას მემორიალური სახლ-მეზუემი. სააგენტოს და ეპარქიის ჩართულობით შეჯერდება კონცეფცია. შემდგომში ამას დაეფუძნება სარეაბილიტაციო პროექტიც”, – ამბობენ სააგენტოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან