ახალი ამბები

მშვენიერაძე: ხელისუფლება ტვ “პირველზე” გავლენის მოხდენას ადრეც ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ

22 აგვისტო, 2019 • 721
მშვენიერაძე: ხელისუფლება ტვ “პირველზე” გავლენის მოხდენას ადრეც ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის მოსაზრებით, ლეგიტიმურია, რომ ავთო წერეთლისთვის ბრალის წაყენება ტელეკომპანია “პირველზე” ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად მიიჩნევა. იურისტის თქმით, ამ მოსაზრებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამყარებს, მათ შორის, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გარშემო მიმდინარე პროცესები:

“ეს ფაქტი რომ იყოს ყველა სხვა წინა ამბისგან მოწყვეტით, რაც მანამდე ხდებოდა საქართველოში, შესაძლებელია ხელისუფლებას გაცილებით მეტი დამაჯერებლობით ემტკიცებინა, რომ არანაირი მოტივაცია ამ ბრალდებასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ აღდგეს მართლმსაჯულება, არ არსებობს. თუმცა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის წინა მოვლენები, რომლებიც ხდებოდა. თუნდაც “ტელეკომპანია პირველის” მიმართ ხელისუფლება გარკვეული გავლენის მოხდენას ცდილობდა და ეს თავის დროზე ვერ გამოუვიდა.

ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს, როგორი გამალებით იბრძვის ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ქვეყანაში. საუბარია ტელეკომპანია “რუსთავი 2-ზე” მიტანილ იერიშზე, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ეს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემების გარეშე დარჩა იმიტომ, რომ მისი საინფორმაციო სასამხურის უფროსი გაათავისუფლეს, რაც იყო ხელისუფლების სურვილის ასრულება – მომხდარიყო სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება ტელეკომპანია “რუსთავი 2-ზე”, – ამბობს მშვენიერაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი და მედიაზე წეზოლითა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მცდელობით ცდილობენ 2020-ში ძალაუფლების შეინარჩუნებას:

“ჩვენ ვხედავთ, როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ. ესენი არიან ოპოზიციონერები თუ სამოქალაქო აქტივისტები, ვხედავთ, რომ ადამიანები არიან ციხეში და მხოლოდ იმიტომ რჩებიან პატიმრობაში, რომ ისინი ხელისუფლებისთვის არიან მიუღებელი. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვხედავთ, როგორ ებრძვის ხელისუფლება იმ ადამიანებსაც, რომლებმაც ღიად განაცხადეს, რომ სურვილი აქვთ გარკვეული ადგილი დაიკაონ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საუბარია მამუკა ხაზარაძეზე და მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე, რომელთან დაკავშირებითაც, ამ საეჭვო ბრალდებასთან დაკავშირებით იქნა ბრალი წარდგენილი ბატონი ავთანდილ წერეთლის მიმართ. თუკი ამ ყველაფერს ერთიან კონტექსტში დავინახავთ, ძნელია საღად და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანმა არ დაინახოს ხელისუფლების დაუძლეველი სურვილი, აკონტროლოს მედია, შიში დანერგოს სამოქალაქო საზოგადოებაში და კრიტიკულ მასაში, რათა 2020 წელს უზრუნველყოს ძალაუფლების შენარჩუნება”, – ამბობს მშვენიერაძე.

რაც შეეხება თავად ბრალის კვალიფიკაციას, მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ბრალის აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირება საეჭვოა. იურისტი აღნიშნავს, რომ პროკურატურის ქმედებებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტერესები ზიანდება:

“ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ხაზარაძესთან მაშინ, როცა დაიწყო საუბარი ამ საქმეზე. თვითონ კვალიფიკაცია ძალიან საეჭვოა, რომ ამ მუხლით მსგავსი ბრალის დაკვალიფიცირება იყო შესაძლებელი, თუმცა ამის მიღმა, თუკი რაიმე სამართალდარღვევაზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს ის სამართალდარღვევა ვერ იქნება, რის დარქმევასაც ცდილობს პროკურატურა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ გვაქვს ილუზია, 11 წლის წინანდელი გადარიცხვის საქმე, რომელშიც, ფაქტობრივად, არ არსებობს დაზარალებული და არ არსებობს სამართლებრივი ინტერესი, რომელსაც შეიძლება არსებითი ზიანი მიყენებოდა ამ ტრანზაქციით, ხელისუფლება მხოლოდ მართლმსაჯულების დაცვის პრინციპით მოქმედებს და ამიტომ უწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ეს ასე არაა”, – უთხრა მშვენიერაძემ ნეტგაზეთს.

მისივე შეფასებით, ამას საზოგადოება ყოველდღიურად გრძნობს და ხედავს, მათ შორის, პროკურატურის ჩატარებული ბრიფინგებით. მშვენიერაძის მოსაზრებით, ეს ყველაფერი აზიანებს მნიშვნელოვან ინტერესებს, მათ შორის ანაკლიის პორტს, ტვ “პირველს” და ა.შ.

რა კავშირშია თიბისის საქმე ტვ პირველსა და “არტარეასთან”

მასალების გადაბეჭდვის წესი