ახალი ამბებიკომენტარი

ძლიერდება ეჭვი, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია — სალაძე წერეთლის ბრალდებაზე

22 აგვისტო, 2019 • 4108
ძლიერდება ეჭვი, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია — სალაძე წერეთლის ბრალდებაზე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში კრიტიკულად აფასებს „თიბისი ბანკის“ საქმეზე განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის პროკურატურის მიერ ტვ პირველის მფლობელის მამისთვის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ამ საქმეზე ბრალის წაყენებას.

პროკურატურამ 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ავთანდილ წერეთელს — ტვ პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამას — ბრალს წარუდგენენ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით. ბრალდება ეხება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, საქმეს. ჯაფარიძეს და ხაზარაძეს ედავებიან ჯგუფურად ფულის გათეთრებას, რასაც „თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. წერეთელს კი ფულის გათეთრებაში მათთვის დახმარებას ედავებიან. ბრალდებულები უარყოფენ ბრალდებას.

სულხან სალაძე ამბობს: „პროკურატურამ და ზოგადად, ხელისუფლებამ, შეგვაჩვია იმას, რომ ამ საქმეში გამოძიება მიდის არასტანდარტული წესით, კამერების წინ, ლამის ყოველი სიახლის შესახებ ეწყობა ბრიფინგი, რაც ბევრ გახმაურებულ საქმეზე ჩვენ არ გვინახავს, მაგალითად, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის საქმეზე (რუსთავი 2-ის დამფუძნებლები), რაზეც დიდი ხანია არაფერი მოგვისმენია. მარტივი კითხვაა — რაში სჭირდება ხელისუფლებას ამის დემონსტრირება? ალბათ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის შექმნას შეუწყოს ერთგვარად ხელი“.

„ჯერ ეს ერთი, რთულად დასაჯერებელია, რომ აქ დანაშაულის ნიშნები იყოს. მეორეც — ამ საქმესთან მთავარი კითხვაა, არის თუ არა ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული. ის, რასაც და რა ფორმითაც პროკურატურა აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყობს იმ აზრის განმტკიცებას, რომ დიახ, ეს საქმე შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და ნაკლები შეხება ჰქონდეს სამართლებრივ კომპონენტთან“.

„ყოველი ასეთი მოქმედება იმ პირობებში, როდესაც პროკურატურა დაზარალებულს ვერ ასახელებს, მხოლოდ აძლიერებს იმ ეჭვს, რომ შეიძლება ეს საქმე იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. შესაბამისად, დღეს, როცა ვიცით, რომ ავთო წერეთელთან პირდაპირ თუ ირიბად მაინც არის დაკავშირებული ტვ პირველი, დამატებით დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება, ხომ არ არის ეს ნაბიჯები მათ შორის იმისთვის გადადგმული, რომ ტვ პირველს შეექმნას მაუწყებლობის პრობლემები“.

„რეალურად ის, რომ ამ საქმეში მტკიცებულებების პრობლემა, როგორც ჩანს, ნამდვილად არსებობს, ცალსახაა; მეორეა ისიც, რომ ხელისუფლებამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ შეძლო იმის დემონსტრირება, რომ თავად ეს საქმე აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკისგან და არ არის მხოლოდ სამართლებრივი. მათი შეფასებები ხშირად წინ უსწრებს იმ მოვლენებს, რაზეც შემდგომში საუბრობს თავად გამოძიება“.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ საქმის მიმდინარეობისას არაერთხელ თქვეს, რომ ბანკის მართვა „ინდულიგენცია“ ვერ იქნება, ანუ, თუ ვინმე დანაშაულს სჩადის, არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესმენია, პოლიტიკოსი თუ სხვა ვინმე. თუმცა სალაძე მსგავს შეფასებასაც აკრიტიკებს:

„ხელისუფლება ბევრ საქმეზე ამბობს, რომ „ინდულიგენცია არ არის“ ბანკის მართვა, ტელევიზიაში წილის ფლობა და ა.შ. მაგრამ როდესაც ვეკითხებით, რატომაა დემონსტრირება კამერების წინ მხოლოდ ამ საქმეებზე; რატომ არ საუბრობენ კონკრეტულად სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე, რომელზეც არანაკლები ინტერესი აქვს საზოგადოებას, ვიდრე ხელისუფლებას წარმოუდგენია ამასთან დაკავშირებით.

„შესაბამისად, იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, რეალურად შეიძლება თუ არა წერეთელი, ჯაფარიძე ან სხვა ვინმე იყოს დამნაშავე, არამედ იმაზე, ხელისუფლება და გამოძიება არის თუ არა თანმიმდევრული ყველა საქმესთან დაკავშირებით და ერთნაირი სტანდარტით უდგება თუ არა ყველა საქმეს და მისთვის ერთნაირად პრიორიტეტულია თუ არა ყველა საქმის გამოძიება. ეს არის მთავარი კითხვა. მანამ, სანამ გვექნება ეჭვი, რომ პროკურატურის მოქმედება იყო შერჩევითი რაღაც საქმეებთან მიმართებაში, ბუნებრივია, ეს კითხვა ლოგიკური იქნება და ხელისუფლების საუბარი „ინდულიგენციებზე“ ამოვარდნილია კონტექსტიდან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი