ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი “ბორდერიზაციის” დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

21 აგვისტო, 2019 • 1325
სახელმწიფო დეპარტამენტი “ბორდერიზაციის” დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

ავტორი: ამერიკის ხმა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მავთულხართების მონტაჟის პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა:

“შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ გააგრძელა საქართველოს ტერიტორიაზე ღობის დამონტაჟება რუსეთს მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან.”

ოტრაგუსმა დასძინა, რომ “ბორდერიზაციის პროცესი ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ სამოქალაქო პირებზე განურჩევლად და არაპროპორციულად ახდენს გავლენას, მათ აშორებს საკუთარ ნაკვეთებს, ოჯახებს, შემოსავლის წყაროს და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.”

პრესსპიკერის თქმით, “ჩვენ მოვითხოვთ ღობისა და სხვა ბარიერების მშენებლობის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას. კიდევ ერთხელ, რუსეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია, საკუთარი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე [დაკავებულ] პოზიციებზე და შეუზღუდავი წვდომა მისცეს ჰუმანიტარული დახმარებას მიწოდებას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მკაფიო ვალდებულებების თანახმად.”

რუსმა სამხედროება გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხართების მონტაჟი 7 აგვისტოს განაახლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი