ახალი ამბები

ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება ტრაგედია იქნება საქართველოსთვის – ბრაიზა

21 აგვისტო, 2019 • 1899
ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება ტრაგედია იქნება საქართველოსთვის – ბრაიზა

“ანაკლიის პორტი საქართველოსთვის სტრატეგიული თამაშის წესების შემცვლელია”, – უთხრა “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს” მეთიუ ბრაიზამ, “ჯეიმსთაუნის ინსტიტუტის” წარმომადგენელმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა. მისი თქმით, პორტი მნიშვნელოვნად იმოქმედებს როგორც საქართველოს ეკონომიკის პოზიციებზე მსოფლიოს მასშტაბით, ისე შიდა უსაფრთხოებაზე, რუსეთის გავლენით პროექტის გაყინვა კი ქვეყანას “კვაზი-დამოუკიდებლად” წარმოაჩენს.

ბრაიზა პროექტის პერსპექტივათა შორის ნატო-ს მიერ ავღანეთის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გადასაზიდად თურქეთის პორტების ნაცვლად ანაკლიის შესაძლო გამოყენებას განიხილავს. ასევე აღნიშნავს ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, როგორც სტრატეგიულ გამოწვევას რუსეთისთვის.

მისი თქმით, პორტი “ბევრ ახალ ბიზნესს, მრავალ ახალ ეკონომიკურ აქტივობას მოიტანს, რომელიც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან”. ამ ფონზე, დიპლომატის აზრით, პორტს “უზარმაზარი გავლენა” ექნება ქვეყნის პერსპექტივაზე ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით.

“პორტი აქცევს საქართველოს უფრო ძლიერ გლობალურ სავაჭრო ჰაბად, რაც დიდი მოვლენა იქნება მისი სუვერენიტეტისა და ზოგადი უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით”, – ამბობს ის.

მეთიუ ბრაიზას თქმით, ზემოაღნიშნულის ფონზე, პორტი რუსეთს საქართველოსთან მიმართებით ბერკეტების შემცირებას უქადის, რის გამოც მოსკოვს “სძულს ეს პროექტი”.

“მაშინ, როცა აშშ-ს არასოდეს უცდია რუსეთთან კონფრონტაცია, მას არც ის სურს, საქართველოს რთული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან”, – აღნიშნავს დიპლომატი. ის ასევე დასძენს, რომ მოსკოვისგან წინააღმდეგობას ელის, თუმცა მას პროექტის შესაჩერებლად საკმარისი ბერკეტი არ აქვს.

“ვიმედოვნებ, რუსეთი მოიქცევა ისე, როგორც მაშინ, როცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, ასევე სამხრეთ კავკასიის გაზსადენზე ვმუშაობდით. რუსეთს ასევე ეზიზღებოდა ეს პროექტები, მაგრამ გზა, რომლითაც რუსეთის ეკონომიკის სისტემა მუშაობს, მისივე მონოპოლიების შენარჩუნებასა და გაძლიერებას გულისხმობს. რუსეთს ჰქონდა მონოპოლიური ძალა კასპიის ნავთობისა და გაზის ექსპორტზე. მას ამის შენარჩუნება უნდოდა, ამიტომაც შეგვეწინააღმდეგნენ. თუმცა, დღის ბოლოს ვიცოდით, რომ პრეზიდენტ კლინტონისა და პრეზიდენტ ბუშის პირობებში რუსეთს ამის მეტი არაფერი შეეძლო.

…საქართველოს აქვს უფლება, იყოს დამოუკიდებელი. რუსეთი არ აპირებს სამხედრო ძალის გამოყენებას ანაკლიის პორტის დასაბლოკად. ასე რომ, თუ პროექტს ეს საშინელი შიდა სამართლებრივი დავა არ შთანთქავს, რომელიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს, ანაკლიის პორტი გაიხსნება და რუსეთი მის შეჩერებას ვერ შეძლებს”, – აღნიშნავს ბრაიზა.

მისივე აზრით, მოსკოვის შეზღუდული შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ საქართველო არ უნდა ებრძოლოს რუსეთის მცდელობას, გამოიყენოს პოლიტიკური ან შესაძლო სამართლებრივი ბერკეტები ქვეყნის შიგნით.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად დიდია საშიშროება, რომ რუსეთი მაინც შეეცდება პროექტის შეჩერებას, დიპლომატი პასუხობს, რომ ამის რისკი დაბალია. აღნიშნულის ერთ-ერთ წინაპირობად მას აშშ-ის მხარდაჭერა – კერძოდ, მაიკ პომპეოს განცხადება და საელჩოს პოზიცია მოჰყავს.

“ესაა გზა, რომლითაც აშშ ამბობს: “ჩვენ ვშიშობთ, რუსეთი ეცდება, გამოიყენოს გავლენები საქართველოს შიგნით და დაბლოკოს პორტის პროექტი” ” – აცხადებს ბრაიზა.

მისივე თქმით, თუ ყველაფრის მიუხედავად მოსკოვი შეძლებს თავისი მიზნის მიღწევას, ეს საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება.

“ამ შემთხვევაში ნათელი იქნება, რომ საქართველო არ არის განმკარგავი საკუთარ სახლში და მისი დამოუკიდებლობა არარეალური და ეფემერულია. საქართველოს საზოგადოების მხრიდან პროექტის ძლიერი მხარდაჭერისა და უმაღლესი დონის გუნდის ფონზე, ასეთი სერიოზული ინვესტორებისაგან გადახვევა ნიშნავს, რომ ქვეყანას კვაზი-დამოუკიდებლობა აქვს”, – აცხადებს დიპლომატი და აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს საინვესტიციო გარემოზეც იმოქმედებს, რაც ტრაგედიის ტოლფასია.

ბრაიზა პორტის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო, კერძოდ, კონსორციუმიდან ამერიკული “კონტი ჯგუფის” გასვლას.

“როგორც ვიცი, ეს “კონტი ჯგუფის” დიდი ხნის გადაწყვეტილება იყო. თუ მათ წილს სხვა კარგი საინვესტიციო ჯგუფი გადაიბარებს, შეშფოთების საფუძველი არ იქნება”, – აცხადებს ის.

ინტერვიუში სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ისაუბრა მაიკ პომპეოს განცხადებაზეც, როცა მან საქართველო ჩინეთის ინტერესებთან დაკავშირებით გააფრთხილა. ბრაიზას თქმით, ქვეყანას სიფრთხილე მართებს, მათ შორის, ჩინეთის მიერ ინიცირებული გლობალური განვითარების სტრატეგიის “ერთი სარტყელი – ერთი გზა” კონტექსტში. ის აღნიშნულ პროექტს მოიხსენიებს ჩინეთის მცდელობად, გააფართოვოს გავლენა სახელმწიფოთა ეკონომიკებზე:

“ვფიქრობ, საქართველომ უნდა აიცილოს ჩინეთის იაფ ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამოკიდებულება. როგორც სხვაგან ხდება, ხშირად ქვეყანა, სადაც ჩინეთის ფინანსური და ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, სახელმწიფო კარგავს საკუთრების უფლებას მასზე, რადგან არ ძალუძს ჩინეთის სესხების დაფარვა.

…არ დაუშვათ, დამოკიდებული გახდეთ რომელიმე ცალკეულ ინვესტორზე, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება ის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი