ახალი ამბები

არავინ იცოდა რომ ამას ვაპირებდი, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ — გაბუნია პუტინის გინებაზე

20 აგვისტო, 2019 • 2328
არავინ იცოდა რომ ამას ვაპირებდი, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ  — გაბუნია პუტინის გინებაზე

„რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილი წამყვანი, გიორგი გაბუნია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინების შემდეგ ორი თვით ჩამოაშორეს ეთერს, აცხადებს, რომ მის გარდა არავინ იცოდა მისი ტექსტის შინაარსი და არავინ იცოდა, რომ პუტინის გინებას პირდაპირ ეთერში აპირებდა; მისი თქმით, ეს არ იყო შეცდომა და ბოდიშის მოხდასაც არ აპირებს.

„[რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა] სალიამ მითხრა, რომ [ახალ მფლობელ] ქიბარ ხალვაშს განსაკუთრებით პუტინის გინების შემდეგ არ უნდოდა, რომ მე ეთერში ვყოფილიყავი… ის თვლიდა, რომ ეს ტექსტი გვარამიამ მომიმზადა, მის მიღმა კი სააკაშვილი იდგა. ანუ მე პირდაპირ კავშირზე ვარ სააკაშვილთან და ეს იყო მის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია… თვითონ ასე არიან კავშირზე [ივანიშვილთან] და ამიტომ ჰგონიათ ასე“…

თუმცა გაბუნია ამბობს, რომ ეს სინამდვილეში ასე არ ყოფილა: „პროდიუსერებზე აღარ ვამბობ, ეგეთი ტექსტი რომ „პოსტსრიპტუმის“ ერთ-ერთი ჟურნალისტისთვის, ოპერატორისთვის ან მემონტაჟისთვის მეჩვენებინა, დამაბამდნენ, რომ ეთერში არ შევსულიყავი. რეალურად, მე ამ ტექსტს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმალავდი და ამოვიღე ეთერის წინ ისე, რომ არავინ იცოდა ამის შესახებ“.

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა 7 ივლისს რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც. ამ ეპიზოდს მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. გაბუნიას ეს ნაბიჯი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეორე დღეს სპეციალური განცხადებით დაგმო, თუმცა თავის მხრივ, ეს განცხადებაც მკაცრად გააკტირიკეს.

საბოლოოდ, რ2-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას სრულად შეუჩერდა უფლებამოსილება ორი თვით. ეს შეზღუდვა შეეხო ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებდა ან/და მიჰყავდა. იგი ჯერ არ იყო სამსახურში დაბრუნებული, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ რ2-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რის შემდეგაც არხის მენეჯმენტი შეიცვალა. 20 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ახალი მენეჯმენტი გაბუნიას სხვა ჟურნალისტებთან ერთად გათავისუფლებას უპირებს.

გაბუნია ახლა ამბობს, რომ ნიკა გვარამიას ახალ არხზე, „მთავარ არხზე“ გადადის რ2-ის სხვა ჟურნალისტებთან ერთად სამუშაოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი