ახალი ამბები

მელაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლების საბაბად სალია 2016 წელს მიღებულ ბონუსს ასახელებს

20 აგვისტო, 2019 • 1587
მელაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლების საბაბად სალია 2016 წელს მიღებულ ბონუსს ასახელებს

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლების შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ თვალთმაქცური გარიგება ახსენა. სალიას ნოდარ მელაძე პირდაპირ არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ თითქოს  არხის მოგება დივიდენდების სახით ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაიტანა.

„ჩვენი შეფასებით დადებულია თვალთმაქცური გარიგება სარეკლამო კომპანიასთან, ამ შემთხვევაში ინტერმედია პლუსთან, საიდანაც რეალურად ის მოგება, რომელიც უნდა მიეღო რუსთავი 2-ს [აქ საუბარია 2015 წლის პერიოდზე და სხვა პერიოდებიც შესასწავლია] ეს მოგება მოხვდა სხვა კომპანიაში. სხვა კომპანიიდან იქნა ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ გატანილი ეს ფული როგორც დივიდენდი და შემდეგ დარიგებული იქნა კონკრეტულ პირებზე, არ ვიცი საჩუქრის სახით, არ ვიცი რა სახით, რის შედეგადაც შეძენილია გარკვეული უძრავი ქონება პრესტიჟულ სახლებში.

აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც არხზე მომუშავე ჟურნალისტები თვლიან, რომ ბრძოლის რეჟიმში არიან ჩვენთან – მესაკუთრესთან და მენეჯმენტთან და ისეთ ვითარებაში, რომლებიც დავალებული არიან სხვებთან, მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან ამ არხის ერთგული და ჩვენი ამოცანაა ეს გუნდი იყოს ერთიანი, ძლიერი, კრიტიკული. ჩვენ სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაც არის არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი, დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი დარჩებიან და გააგრძელებენ არხზე მუშაობას“, – თქვა სალიამ.

თავად ნოდარ მელაძემ ბოდვა უწოდა პაატა სალიას მიერ მის გასათავისუფლებლად დასახელებულ არგუმენტს.

„რაც შეეხება მოტივს — სალია ამბობს, რომ ვარ ბმაში ნიკა გვარამიასთან იმიტომ, რომ 2016 წელს სახელფასო ბონუსი მაქვს მიღებული ნიკა გვარამიასგან. ნიკა გვარამია იყო დირექტორი და შესაბამისად, ბონუსსაც ის გასცემდა, ძალიან მარტივია. კერძო კომპანია მის თანამშრომელს, რომელიც ქმნის მაღალრეიტინგულ სატელევიზიო პროდუქტს, რომლის ერთ წუთსაც ტელევიზია ყიდის 15 000 აშშ დოლარად, ბონუსს გამოუწერს ან არ გამოუწერს, ეს არის დირექტორის გადასაწყვეტი“…

დღეს პაატა სალიამ … მითხრა, რომ 2016 წელს აღებული ბონუსი არის სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების საფუძველი. ეს არის ბოდვა… ჯერ სცადეს, შეექმნათ ჩემგან ფასადური წარმომადგენელი, რომელიც ვითომ იგივე დარჩა და მე დავიწყებდი კურიერის ცენზურას. ძალიან ბოდიში, მაგრამ არა, არ გავაკეთებ ამ ამბავს. შემდეგ იყო ზეწოლა ხელფასით, [იმ მოლოდინით], რომ ნერვები მიმტყუვნებდა და დავთანხმდებოდი მათ და ფინანსურ წნეხს დავყვებოდი, ოღონდ ხელფასი გადაეხადათ და შევიდოდი მათთან თანამშრომლობაში“… – აღნიშნა ნოდარ მელაძემ.

სალიამ დღეს რუსთავი 2-ის წამყვანი სახეების გათავისუფლება დაანონსა. თქვა, რომ უკვე გათავისუფლებულია ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძეს და ნანუკა ჟორჟოლიანს კი მას შემდეგ გაათავისუფლებენ, როცა ისინი შვებულებიდან დაბრუნდებიან.

რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე, აცხადებს, რომ არხზე „საკადრო წმენდის“ გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიღებულია.

ნოდარ მელაძის განცხადება:

სალია მელაძეს, გაბუნიას, კვესიტაძეს და სხვებს R2-დან ათავისუფლებს

მასალების გადაბეჭდვის წესი