უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. როგორც უკრაინის ეროვნული პოლიცია აცხადებს, 3 შეიარაღებული პირი ნიღბებით შეიჭრა ბორისპოლის დასახლებაში მდებარე სახლში, ოჯახის წევრები დააბეს, ძვირფასი ნივთები და დიდი ოდენობით ფული კი გაიტაცეს.
უკრაინის პოლიციის ცნობით, ბრალდებულები ავტომაგისტრალზე დააკავეს, როდესაც ისინი აეროპორტის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ ფულითა და ძვირფასეულობით სავსე ჩემოდნით.
უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულებს უკრაინაში დროებითი ცხოვრების უფლება ჰქონდათ და დაკავების დღეს სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდნენ.
უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებით, დაკავებულების მანქანაში იარაღებიც აღმოაჩინეს, რომლებიც დამატებით ექსპერტიზაზე გაიგზავნა.
უკრაინული უწყება ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებს:
“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ საქართველოს მოქალაქეები სამართალდარღვევაზე არიან დაკავებული.