ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მეარაყიშვილის შინაპატიმრობის ორი წელი – გზა სტრასბურგამდე

16 აგვისტო, 2019 • 2509
მეარაყიშვილის შინაპატიმრობის ორი წელი – გზა სტრასბურგამდე

ავტორი: ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი, ცხინვალი


დღეს, 16 აგვისტოს ორი წელი გახდა, რაც ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. მეარაყიშვილს დღემდე თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული აქვს [ყველა საბუთი ჩამოართვეს] და, ფაქტიურად, შინაპატიმრობაში იმყოფება. შემდეგი ნაბიჯი მისი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიმართვა იქნება.


ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონულმა სასამართლომ ორჯერ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და დაუსაბუთებლად მიიჩნია. მოსამართლე ფატიმა პარასტაევას აზრით, გამომძიებლებმა ვერ შეძლეს შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვება, მეარაყიშვილის ადვოკატმა იკრამჟან რამატოვმა კი სასამართლოზე ღიად განაცხადა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს სამოქალაქო პოზიციის გამო დევნიან – დევნის სხვა საფუძველი საქმეში არ იძებნება. 

თუმცა გამომძიებლები სისხლის სამართლის გამოძიების შეწყვეტას არ გეგმავენ. მათ ცხინვალის საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს ბოლო დადგენილებაც, რომლითაც მეარაყიშვილი გამართლდა. 

პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციის გაგება შეიძლება – მეარაყიშვილის უდანაშაულოდ ცნობა შექმნის ისეთ პრეცედენტს, რომელსაც ისინი უბრალოდ ვერ დაუშვებენ.

ლენინგორის პროკურატურა თამარ მეარაყიშვილს ედავება ხელისუფლების პარტია “ერთიანი ოსეთის” წევრებზე ცილისწამებას, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მიღებასა და აღნიშნული პასპორტის უკანონო გამოყენებას.

თამარ მეარაყიშვილის სამხრეთ ოსეთის პასპორტის საკითხზე ცოტა უფრო მეტხანს შევჩერდები. 

საქმე ის არის, რომ სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით, საქართველოსთან ორმაგი მოქალქეობა აკრძალულია. ამიტომაც, ლენინგორის რაიონის მცხოვრები, რომელიც სურვილს გამოთქვამს სამხრეთ ოსეთის პასპორტი მიიღოს, საკუთარ განცხადებაში მიუთითებს, რომ უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და ამის დასტურად თან ურთავს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას. 

რეალურად კი, განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არ ამბობს. პირადობის მოწმობის ჩაბარებამდე მიდის თბილისში, აცხადებს დოკუმენტის დაკარგვის შესახებ და პირადობის ახალ მოწმობას იღებს, ძველს კი სამხრეთ ოსეთის საპასპორტო განყოფილებაში აბარებს, როგორც მტკიცებულებას საქართველოს მოქალაქეობაზე უარის შესახებ.

ჩაბარებული პასპორტის შემოწმება შეუძლებელია მხარეებს შორის კონტაქტების არარსებობის გამო. თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ ადამიანი ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, რადგან ქართული საგუშაგო სხვა საბუთს არ ცნობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველას ყველაფერი მშვენივრად ესმის: თუ ლენინგორის მცხოვრები თბილისში მიდის, ე.ი. მას საქართველოს მოქალაქეობაც შენარჩუნებული აქვს. 

ხელისუფლება კი თვალს ხუჭავს და არ იმჩნევს ამას. ლენინგორელებს ესმით, რომ ხელისუფლების ეს “მოდუნება” ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასრულდეს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მათ არაკეთილგანწყობას შეამჩნევს. ამ კუთხით რაიონის ყველა მცხოვრების მანიპულირება ადვილია.

ასე იყო თამარ მეარაყიშვილის შემთხვევაშიც. მისმა კრიტიკულმა განცხადებებმა რაღაც მომენტში ხელისუფლების მოთმინების ფიალა აავსო. ის თბილისიდან დაბრუნების დროს დაააკავეს, ჩხრეკის დროს პირადობა “აღმოუჩინეს” და სამხრეთ ოსეთის პასპორტის უკანონო მიღებაში ბრალი დასდეს. 

სისხლის სამართლის საქმე ორი წელი გაგრძელდა, თუმცა მეარაყიშვილი საბოლოოდ სასამართლომ გაამართლა. მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ მხარი დაუჭირა მეარაყიშვილის ადვოკატის, იკრამჟან რამატოვის არგუმენტებს:

  • კანონით, თამარ მეარაყიშვილის განცხადება სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღებაზე, სადაც მან მიუთითა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს – არ არის ოფიციალური დოკუმენტი [სახელმიფოს მიერ დადგენილი უწყების დამტკიცებული, თანამდებობის მიერ მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით ან ა.შ], რომელიც პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მისი ეს განცხადება არის ხელისუფლებისადმი მიმართვა, რომელიც მეარაყიშვილმა ისე შეასრულა, როგორც მისგან მოითხოვეს;
  • ჩხრეკის დროს აღმოჩენილ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით მეარაყიშვილმა განაცხადა, რომ უკვე ის უკვე დიდი ხანია არ არის ძალაში და დაიტოვა, როგორც წარსულზე მოგონება. ამის საწინააღმდეგოს დამტკიცება შეუძლებელია.
  • პასპორტი არ არის ყალბი, ის სახელმწიფო უწყებამ და პასუხისმგებელმა პირებმა გასცეს. სწორედ მათ უნდა შეემოწმებინათ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. თუკი მათ დაუშვეს შეცდომა, მეარაყიშვილი ამაზე პასუხს ვერ აგებს. 

მოსამართლე ფატიმა პარასტაევას ეს გადაწყვეტილება [მეარაყიშვილის გამართლება] პრეცედენტს ქმნის, რომ ამ არგუმეტით ლენინგორელების მანიპულაციას ვერ შეძლებენ და მათ საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლიათ. 

ამიტომაც, პროკურატურა, უშიშროების სამსახური და რაიონის ხელმძღვანელობა ვერ ეგუებიან სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას – ლენინგორის მოწყვლადი მოქალაქეების მანიპულირების სადავეები მნიშვნელოვანი ელემენტია ამ ტერიტორიის სამართავად.

ეს საყოველთაო “მოწყვლადობა” რაიონში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, ურთიერთობის განსაკუთრებულ სისტემას, რომელშიც პროცესის ყველა მონაწილე თავს კომფორტულად გრძნობს: ბიუჯეტის ხარჯვა, დევნილთა საკუთრების გადაკეთება, ადგილობრივი მოვაჭრეებისა და კონტრაბანდისტების მართვა.

სამოქალაქო აქტივისტი – სწორედ ეს არის თამარ მეარაყიშვილის სტატუსის ჩემეული განსაზღვრება, რადგან სამოქალაქო აქტივისტი არის მოქალაქე, რომელიც თავად სთავაზობს ცვლილებებს ქვეყანას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ა.შ. ცვლილებს.

თამარ მეარაყიშვილი მხოლოდ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და ლენინგორელების აზრს არ გამოხატავს. მეტიც, ის ამ დომინანტური აზრის წინააღმდეგიცაა იმიტომ, რომ რაიონის დანარჩენი მცხოვრებლები შექმნილ რეალობას უპირობოდ იღებენ, იმ დროს, როდესაც ცდილობს ეს რეალობა შეცვალოს და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ხარვეზზე ღიად ისაუბროს.

ბევრმა ლენინგორელმა ალღო აუღო შექმნილ სიტუაციას და ორივე მხარისგან [ქართული და ოსური] იღებს სარგებელს. საქართველოში ისინი პენსიებს, დევნილთა დახმარებებს და უფასო საცხოვრებელს იღებენ. ამავე დროს სამხრეთ ოსეთში აქვთ პენსიები და ხშირად გაფორმებული არიან რამდენიმე სამუშაო ადგილზე, შესაბამისად, საკმაოდ სოლიდური ხელფასით. 

ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ხელმძღვანელობასთან კარგი პირადი ურთიერთობები და არა დემოკრატია რაიონში. მათი გაგებაც შეიძლება: ისინი საკუთარი შვილების მომავალს საქართველოში ხედავენ, ამ მომავლის უზრუნველყოფას კი – სამხრეთ ოსეთში [განსხვავებით თამარ მეარაყიშვილისგან, რომელიც ახდებს, რომ უკანანსკნელი ქართველი იქნება, რომელიც რაიონს დატოვებს]. 

ამ კუთხით სკანდალური განცხადებები, რომელსაც პერიოდულად აკეთებს მეარაყიშვილი, ლენინგორელებს აღიაზიანებს. 

ჯერ კიდევ ედუარდ კოკოითის დროს ის სახელოვნებო საბავშვო სკოლის დირექტორად დანიშნეს. ნიჭიერი პედაგოგი ბავშვებთან საერთო ენას პოულობდა, მშობლებიც კმაყოფილი იყვნენ, ხელისუფლებასაც არ ჰქონია პრეტენზიები. პრინციპში, მასაც შეეძლო მშვიდად რამდენიმე ადგილზე ემუშავა, საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონოდა, თბილისის პრესტიჟულ რაიონში ბინაც ეყიდა, როგორც მისმა ბევრმა კოლეგამ გააკეთა.

თუმცა მეარაყიშვილის და წარმატებული ლენიგორელების ინტერესები ზოგჯერ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, როდესაც სამოქალაქო აქტივისტი საზღვარზე თავისუფალი გადადგილების უფლებას იცავს.

ამიტომაც, რა თქმა უნდა, ლენინგორელები ყურადღებით აკვირდებოდნენ მის სასამართლო პროცესებს, თუმცა მის დასაცავად ხმა არავის ამოუღია. 

სხვა სკითხია ცხინვალის საზოგადოება. აქაური საზოგადოება მეარაყიშვილს მხარს უჭერს იმიტომ, რომ მათი მოტივაცია პირადაპირ ეწინააღნდეგება ლენინგორელების მოტივაციას  – ცხინვალელები აქ ხედავენ საკუთარი შვილების მომავალს.

უშიშროების სამსახური [КГБ] და პროკურატურა ცდილობენ მეარაყიშვილის ირგვლივ იზოლაციის ატმოსფერო შექმნან, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად – ეს არის ფსიქოლოგიური წნეხის ნაწილი. იმ ადამიანებს, ვინც მოდიან მეარაყიშვილთან სტუმრად, აკავებენ და ეკითხებიან: რატომ მივიდნენ მასთან, რის შესახებ საუბრობდნენ, ბოლოს კი აფრთხილებენ, რომ აღარ ესტუმრონ.

პასუხად ცხინვალელები დემონსტრაცულად ჩადიან მასთან ლენინგორში სტუმრად, ხშირად მთელი ჯგუფებით, მასთან ერთად ფოტოებს იღებენ და სოციალურ ქსელებში მხარდამჭერი ტექსტებით აქვეყნებენ.

თავის მხრივ, მეარაყიშვილიც დადის ცხინვალში, მას ცნობენ ქუჩებში, გამოხატავენ მხარდჭერას და სოციალურ ქსელებში ზოგჯერ თავდასხმებისგანაც იცავენ.

[red_box]სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ[/red_box]

თამარ მეარაყიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს მისი სასამართლო დავა, ამ ორწლიან დევნას პროკურატურის მხრიდან დაუსჯელად არ დატოვებს. შესაბამისად, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. რუსეთი კი ამ შემიხვევაში სახელმწიფოა, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს სამხრეთ ოსეთში და, შესაბსამსდ, მის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების საკითხზეც პასუხისმგებლობა ეკისრება.

სამხრეთ ოსეთის საზოგადოებას ბევრისთვის მოულოდნელი რეაგირება ჰქონდა მეარაყიშვილის ამ განცხადებაზე: ბევრმა მხარი დაუჭირა მის გადაწყვეტილებას ღიად, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მედიაში. ეს კიდევ ერთი პრეცედენტია იმისა, რომ რუსეთთან დავის გადაწყვეტილებას საზოგადოების თუნდაც ნაწილი მხარს უჭერს.

მეარაყიშვილისთვის მიბაძვის მზაობა უკვე გამოთქვა გიორგი კაბისოვმა, კავშირის ყოფილმა მინისტრმა, რომელსაც თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით 8 წლით თავისუფლება მიუსაჯეს.

მსგავსი რეაქციების მიზეზი კი ისაა, რომ ცხინვალელების ნაწილი თავს ტყვეობაში მიიჩნევს და ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია რუსეთის წინააღმდეგ ჩივილი.

ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო დავა აქ მოღალატეობად არის მიჩნეული,  რადგან რუსეთი არჩენს, ავითარებს და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად აქაც, ისევე როგორც ბევრ პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე, ობიექტური სასამართლოს იმედი არ აქვთ, თუკი საქმით რომელიმე გავლენიანი ჩინოვნიკი არ არის დაინტერესებული, ან არასასურველი იდეოლოგიური მომენტები არ იჩენს თავს.

ამის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგში აქედან ჯერ არავის შეუტანია. პროტესტის მცდელობები კრემლის ყურადღების მიქცევის მცდელობას არ გასცდენია – იყო მიმართვები რუსეთის საელჩოში, წერილები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მსგავს ინსტანციებში. რუსეთის მხრიდან პასუხი კი ყოველთვის ერთი იყო – სუვერენული სამხრეთ ოსეთის საქმეებში რუსული სტრუქტურები ვერ ჩაერევიან. 

თუმცა რუსეთის ხელისუფლება თავს უფლებას აძლევს, ჩაერიოს პრეზიდენტის თუ პარლამენტის არჩევნებში, მისთვის არასასურველი კანდიდატები პროცესს ჩამოაშოროს, კენჭისყრის შედეგებით მანიპულაციები განახორციელოს. 

ალბათ, ამიტომაც, მეარაყიშვილის მიერ გამოვლენილ ნულოვან ტოლერატნობას ხელისუფლებისა და რუსი კურატორების მიმართ ადგილობრივმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა იმ მოსაზრებით, რომ თუ რუსებს შეუძლიათ არჩევნებში ჩარევა, შეუძლიათ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხშიც ჩაერიონ.


მასალების გადაბეჭდვის წესი