ახალი ამბები

ადვოკატმა პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართა

16 აგვისტო, 2019 • 1487
ადვოკატმა პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართა

“ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. შესაბამისი განაცხადი იურისტმა გიორგი ფანცულაიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 16 აგვისტოს შეიტანა.

ადვოკატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ შეწყალების მოთხოვნის განახლების მიზეზი გახდა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომლის შემსუბუქებაც, ფანცულაიას თქმით, ციხის პირობებში შეუძლებელია.

“როცა სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, ჩვენ მისთვის გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე არ მიგვიმართავს. პირველად მივმართავთ ახლა.

შეწყალების განახლების მიზეზი ის არის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კვლავ უკიდურესად მძიმე. 6 თვეზე მეტია, რაც ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებს, საწოლს არის  მიჯაჭვული და ეტლითაც ვერ გადაადგილდება. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ყველას საერთო პასუხი ისაა, რომ პატიმრობაში ყოფნის პირობებში შეუძლებელია მრავალმხრივი მკურნალობა, რომელიც მას ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს.

აქედან გამომდინარე, მივმართეთ პრეზიდენტს და საპატრიარქოს, რომ თავისი წილი შუამდგომლობა საპატრიარქომაც განახორციელოს”, – აღნიშნავს ადვოკატი.

დეკანოზის დამძიმებულ მდგომარეობაზე “ნეტგაზეთს” გასულ კვირას მისი ძმა, თორნიკე მამალაძეც ესაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წლის თებერვალში გადატანილი ინსულტის შემდეგ მსჯავრდებული კვლავ პარალიზებულია.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს, პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი