ახალი ამბები

არავითარი კონკურსი არ ყოფილა – ჯანეზაშვილმა და დოლიძემ იუსტიციის საბჭოში ფასადი მიიტანეს

16 აგვისტო, 2019 • 1082
არავითარი კონკურსი არ ყოფილა – ჯანეზაშვილმა და დოლიძემ იუსტიციის საბჭოში ფასადი მიიტანეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა – ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ – იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან უზენაესი სასამართლოს შენობის ფასადი მიიტანეს და ბრიფინგი-პერფორმანსი გამართეს.

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ამ ფორმით გამოეხმაურნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ პროცესს, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრებები გუშინ დასრულდა.

“თქვენ შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ჩვენ ვართ უზენაესი სასამართლოს წინ, მაგრამ ეს არის ფასადი და ჩვენ ვართ უზენაესი სასამართლოს წინ. ასეთივე ფასადია ის, რასაც საზოგადოება აკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის სახით. ეს არის ფასადური კონკურსი, ყალბი კონკურსი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კონკურენციასთან. ამ პროცესმა კოსმეტიკური დანიშნულების მინიმალური სტანდარტიც ვერ დააკმაყოფილა”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ანა დოლიძის თქმით, არავითარი კონკურსი არ ყოფილა, ეს იყო ჩაწყობილი, ისეთივე ფასადური პროცესი, როგორი ფასადური მართლმსაჯულებაც გვაქვს ქვეყანაში.

“ჩვენ გვაქვს ავტორიტატული მმართველობა სასამართლო სისტემაში, რომელიც ძილს უთხრის დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში. მოსამართლე წევრები ცენზურის დაწესებას ცდილობენ ჩვენთვის კითხვების დასმისას და ცდილობდნენ ჩვენს შევიწროებას, რომ შეგვეწყვიტა ბრძოლა. ჩვენ შიშველი ხელით ვიბროძიდთ, რომ გაგვეშიშვლებინა ეს ფასადი”, – განაცხადა ანა დოლიძემ და დასძინა, რომ ბრძოლა რეალური, დემოკრატიული სასამართლო სისტემის შექმნისთვის გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი