ახალი ამბები

შენგელიას აზრით, ნაზი ჯანეზაშვილის იუსტიციის საბჭოში ყოფნა ჩინჩალაძის დამსახურებაა

15 აგვისტო, 2019 • 834
შენგელიას აზრით, ნაზი ჯანეზაშვილის იუსტიციის საბჭოში ყოფნა ჩინჩალაძის დამსახურებაა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს, ირაკლი შენგელიას, მიაჩნია, რომ ამავე საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უწყებაში ყოფნას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდეს.

შესაბამისი რეპლიკა მან დღეს, 15 აგვისტოს, საბჭოს სხდომაზე გააჟღერა და ჯანეზაშვილს უცოდინარი უწოდა.

“ჩინჩალაძეს უმადლოდეთ, აქ რომ ზიხართ და  საბჭოს წევრი რომ ხართ. მაგის გამო შემოგიყვანეს ამ საბჭოში, თქვე მართლა უცოდინარო”- მიმართა მან საბჭოს არამოსამართლე წევრს.

აღნიშნულის შემდეგ ნაზი ჯანეზაშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ შენგელიას ეს რეპლიკა სასამართლოში არსებულ გარკვეულ გავლენებზე მიანიშნებს.

“მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტმა ამირჩია 2017 წელს და აქამდე მეგონა, რომ პარლამენტის მიერ ვიყავი არჩეული, მაგრამ ადამიანმა ფაქტობრივად, პირდაპირ თქვა ამით, რომ რაღაცა გავლენები აქვთ ამათ. თუ რა ტიპის გავლენებია, მე ნამდვილად არ ვიცი. ძალიან სამარცხვინოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რომ ამბობს, რომ ერთ-ერთ მოსამართლეს სასამართლო სისტემიდან, რომელიც საბჭოს წევრიც კი არ არის, უნდა უმადლოდეს პარლამენტის მიერ არჩეული წევრი, რომ საბჭოს წევრია საერთოდ“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტსაც შეითავსებს, ირაკლი შენგელია კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იქნება. საბჭოს არამოსამართლე წევრები გადაწყვეტილების მიღებამდე მათთან გასაუბრებას ითხოვდნენ. სწორედ ამას მოჰყვა კამათი.

მასალების გადაბეჭდვის წესი