ახალი ამბები

ამერიკული “კონტი ჯგუფი” ანაკლიის კონსორციუმს ტოვებს

15 აგვისტო, 2019 •
ამერიკული “კონტი ჯგუფი” ანაკლიის კონსორციუმს ტოვებს

ამერიკულმა კომპანია “კონტი ჯგუფმა” ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” კონსორციუმში დაუდასტურეს. ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო “აქცენტმა” გაავრცელა.

კონსორციუმში კომპანიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობენ. როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმში გვითხრეს, პროექტში კვლავინდებურად რჩება კიდევ ერთი ამერიკული კორპორაცია SSA Marine.

“კონტი ჯგუფი”  ქართულ “თიბისი ჯგუფთან ერთად” ერთ-ერთი დამფუძნებელია ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა, რომელიც მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრები შევლენ. კონსორციუმში ამბობენ, რომ კანდიდატთა დანიშვნასთან დაკავშირებული შესაბამისი კორპორაციული ფორმალობების გავლის შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან.

მანამდე, ივლისის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ “თიბისი ბანკის” დმაფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მენეჯმენტს ტოვებს.

ხაზარაძის თქმით, ამით დამთავრდება სპეკულაცია, თითქოს ისინი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს აზიანებენ და მათ გამო კონსორციუმი ინვესტორებისგან საჭირო თანხის შეგროვებას ვერ ახერხებს.

ხაზარაძის ეს კომენტარი იყო პასუხის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაზე, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს პროექტის პირველი ფაზის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების მოძიებას, რითაც რისკის ქვეშ აყენებს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებას.

აღნიშნულ პროცესებს ასევე დაერთო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ფულის გათეთრების ბრალის წარდგენა 2008 წელს თიბისი ბანკში განხორციელებული ტრანზაქციისთვის. ხაზარაძე და ჯაფარიძე ბრალდებებს უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი