ახალი ამბები

არსებობს კითხვები, ეს არის სამოქალაქო დავა თუ სისხლის სამართლის საქმე – ლომჯარია გვარამიაზე

14 აგვისტო, 2019 • 1228
არსებობს კითხვები, ეს არის სამოქალაქო დავა თუ სისხლის სამართლის საქმე – ლომჯარია გვარამიაზე

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადვოკატთან ერთად დღეს, 14 აგვისტოს  სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ მისი აზრით, გვარამიას წინააღმდეგ დაწყბეულ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

“ეს არის ძალიან რთული სამართლებრივი საკითხი. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს სათანადო მტკიცებულებები, დასაბუთებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული დავა წარმოადგენს სისხლის სამართლის განსჯადობის საკითხს. ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურამ უნდა წარმოადგინოს მეტი მტკიცებულება. როდესაც დაიწყება სასამართლო, შევეცდებით მაქსიმალურად ჩავერთოთ და წარვადგინოთ სასამართლო მეგობრის მოსაზრება სწორედ გასნჯადობასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ნამდვილად არსებობს კითხვები, არის თუ არა ეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, თუ ეს მსგავსი საკითხი არის სამოქალაქო განსჯადობის თემა.

პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს განზრახვა რაც აუცილებელია ამ ტიპის დანაშაულისთვის. ამ ეტაპზე ჩემი წარმოდგენით და ჩემი მოსაზრებით საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს  განზრახვასთან დაკავშირებით. თუმცა მზად ვართ შევხვდეთ პროკურატურასაც და მათი პოზიციები იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც მე დღეს გამიჩნდა  ნიკა გვარამიას და მის ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ, მოვისმინო პროკურატურის მოსაზრებებიც”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული დავა პოლიტიკური დევნის ნიმუშია და მას იმედი აქვს, რომ ნინო ლომჯარია ამ საქმიდან ადეკვატურ დასკვნებს გამოიტანს.

პროკურატურის ბრალდება

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსთავი 2-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

 

ნახეთ ვრცლად:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი