ახალი ამბები

სასამართლომ გვარამიას 40 ათასი ლარი გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა

11 აგვისტო, 2019 • 2020
სასამართლომ გვარამიას 40 ათასი ლარი გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა

თბილსისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 40 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ასევე, მას შეეზღუდა ქვეყნიდან გასვლა პროკურატურის ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება თითქმის ექვსსაათიანი განხილვის შემდეგ, 11 აგვისტოს, 00:25 საათზე გამოაცხადა.

საქართველოს პროკურატურამ რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა გირაოს შეფარდება 80 ათასი ლარის ოდენობით, ასევე მისთვის სამართალდამცავი უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა.

მოსამართლე კერატიშვილი

მოსამართლე გიორგი კერატიშვილი 2007-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივნად; 2012-2015 წლებში – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, 2016 წლის 14 ივლისის 1/164 გადაწყვეტილებით კერატიშვილი სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ;

პროკურატურის ბრალდება

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსთავი 2-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

ნახეთ ვრცლად: პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა 

ნიკა გვარამიას პასუხი

ნიკა გვარამიამ ჯერ კიდევ 9 აგვისტოს თქვა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაემორჩილება ან მხოლოდ პატიმრობას, ან თავისუფლებას და არ განიხილავს მესამე ვარიანტს. გვარამიას თქმით, ის არ გადაიხდის გირაოს და არ დაემორჩილება აღმკვეთი ღონისძიების სხვა ნებისმიერ სახეს, მათ შორის, შინაპატიმრობას. ნიკა გვარამიამ ოჯახს ბოდიში მოუხადა აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის.

ნახეთ ვრცლად: ნიკა გვარამია პროკურატურას: ან პატიმრობა, ან თავისუფლება, მესამე ვარიანტი არ არსებობს 

როგორც მოსამართლემ თქვა, ნიკა გვარამიამ უნდა გადაწყვიტოს, ის გადაიხდის თუ არა გირაოს. გვარამიამ სასამართლო პროცესზე არაერთხელ თქვა, რომ ის არ აპირებს გირაოს გადახდას და ეს არის პრინციპული საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი