ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი დაუშვებლად სცნო

14 აგვისტო, 2019 • 1305
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი დაუშვებლად სცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი ნიკა გვარამიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად სცნო.

განცხადებას ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლო ავრცელებს.

“სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ შეამოწმა საჩივრის შესაბამისობა დასაშვებობისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დაადგინა, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილია 2019 წლის 11 აგვისტოს, 01 საათსა და 30 წუთზე და შესაბამისად, მისი სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207- ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 48 საათიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 13 აგვისტოს 01 საათსა 30 წუთზე.

ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის მიერ განჩინების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეტანილია 2019 წლის 13 აგვისტოს 17 საათზე და 39 წუთზე, ანუ გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, 16 საათის დაგვიანებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

დიმიტრი საძაგლიშვილი კი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრების 48-საათიანი ვადას არასწორად ითვლის განჩინების გამოტანის მომენტიდან და ეს ვადა უნდა აითვალოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის შემდეგ. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მას განჩინება სასამართლო სხდომის მეორე დღეს, საღამოს გადაეცა და გასაჩივრების ვადები, რეალურად არ დაუღვევია.

“რეალურად არ არის ვადა დარღვვეული, არასწორად ითვლის სააპელაციო სასამართლო. მე განჩინება არ გადმომცემია ღამის 01:30 საათზე და ბუნებრივია, იქამდე ვერაფერს გავასაჩივრებდი. მხარეს გადაეცემა განჩინება და იქიდან იწყება ვადის ათვლა და არა გამოცხადების მომენტიდან. შესაბამისად, ეს არასწორია, მაგრამ არც არის მოულოდნელი ჩვენთვის, ვინაიდან დასაშვებად რომ ეცნო, მაშინ ზეპირი სხდომა უნდა ჩაენიშნა, საჯარო განხილვა უნდა ყოფილიყო და იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდებოდა პირველ ინსტანციაში, ბუნებრივია, მათთვის არასასასიამოვნო იქნებოდა, იმდენად აბურდის მტკიცება უწევს პროკურატურას და იმდენად აბსურდულად იქცევა სასამართლო”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” საძაგლიშვილმა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, “აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა, ბრალდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა”.

 

სასამართლომ გვარამიას 40 ათასი ლარი გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა

მასალების გადაბეჭდვის წესი