ახალი ამბები

ტყის ხანძრები საბერძნეთში – ცეცხლს ამჯერად კუნძულ ევიაზე ებრძვიან

14 აგვისტო, 2019 • 1471
ტყის ხანძრები საბერძნეთში – ცეცხლს ამჯერად კუნძულ ევიაზე ებრძვიან

საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძულ ევიაზე მეორე დღეა, ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ასობით მეხანძრე სახმელეთო და საჰაერო ძალებთან ერთად ცდილობს, გაუმკლავდეს ცეცხლს, რომელიც ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ტყეს უკიდია. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ქვეყნის პრემიერმა კი შვებულება შეწყვიტა.

ბერძნული გამოცემა Greek Reporter-ის თანახმად, სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლის. თუმცა, ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წუხელ ღამით მეხანძრეთა განუწყვეტელი მუშაობის შემდეგ, 14 აგვისტოს დილით მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ძლიერი სტიქიის ეპიცენტრის გარშემო მდებარე სოფლების ასობით მცხოვრები ევაკუირებულია. გასულ ღამეს მეხანძრეები ცდილობდნენ, დასახლებული პუნქტები დაეცვათ და ცეცხლი სოფლებზე არ გავრცელებულიყო. ადგილობრივი ოფიციალური პირის თანახმად, ცეცხლთან ბრძოლისას ერთი მეხანძრე დაშავდა.

AFP-ის თანახმად, ცეცხლი ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულზე, დაცულ ტერიტორიასთან ახლოს, 13 აგვისტოს, დილის საათებში გაჩნდა, ძლიერი ქარის გამო კი სწრაფად, 90 კმ-ის მანძილზე გავრცელდა. ათობით სახანძრო მანქანასთან ერთად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენები და თვითმფრინავებიც ჩაერთნენ.

ხანძრის ზონის მიმდებარედ. 13.08.19 ფოტო: Facebook/Forecast Weather Greece

ხანძრის ზონის მიმდებარედ. 13.08.19 ფოტო: Facebook/Forecast Weather Greece

 

ტყის ხანძარი კუნძულ ევიაზე. 13.08.19 ფოტო: Facebook/Forecast Weather Greece

ტყის ხანძარი კუნძულ ევიაზე. 13.08.19 ფოტო: Facebook/Forecast Weather Greece

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, საჰაერო ძალები საბერძნეთისაკენ იტალიიდან და ხორვატიიდანაც გაემართნენ.

კუნძულ ევიას გარდა, ტყის მიმდინარე სეზონზე ტყის ხანძრები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაჩნდა. მათ შორისაა თასოსი, ბეოტია და პელოპონესი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი