ახალი ამბები

სავარაუდოდ, “ფორსაჟის” გადაღებების გამო თბილისსა და რუსთავში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

14 აგვისტო, 2019 • 4570
სავარაუდოდ, “ფორსაჟის” გადაღებების გამო თბილისსა და რუსთავში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, გადაღებების გამო თბილისსა და რუსთავში 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. სავარაუდოდ, აღნიშნული შეზღუდვა “ფორსაჟის” მე-9 ეპიზოდის გადაღებებს უკავშირდება.

თუმცა თბილისის მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ჯერჯერობით მოძრაობის სქემა და გზის გადაკეტვის გრაფიკები მერიაში წარდგენილი არ არის. 

როგორც შპს “ენკენი ფილმს ფფ9” აცხადებს, ფილმში თბილისი მასიურ სარბოლო სცენის ადგილად იქნება წარმოდგენილი, რისთვისაც თბილისისადა რუსთავის ქვემოთ ჩამოთვლილი ქუჩები პერიოდულად გადაიკეტება:

  • 18 აგვისტო – 27 აგვისტო: ვაჟა-ფშაველას გამზირი
  • 26 აგვისტო – 3 სექტემბერი: რუსთაველის გამზირი
  • 2-7 სექტემბერი: რუსთავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია
  • 6-7 სექტემბერი: თავისუფლების მოედანი და პუშკინის ქუჩა
  • 8-16 სექტემბერი: ბესარიონ ჟღენტის და ავთო ვარაზის ქუჩები, ნუცუბიძის მე-4 პლატო.
  • 16 სექტემბერი: უნივერსიტეტის ქუჩა.

აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, გადაღების პროცესს მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა, ასევე შპს „ენკენი ფილმს ფფ9“ გზების გადაკეტვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის ხელშეწყობით ახორციელებს.

განახლება: “შპს “ენკენი ფილმს ფფ9-მ” ნეტგაზეთს ნიუსის გამოქვეყნების შემდეგ გამოუგზავნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ პრესრელიზში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილებები და განახლებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცლეებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი