არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან ამ დრომდე გადადგმულმა ნაბიჯებმა 20 ივნისის გამოძიების მიუკერძოებლად და ობიექტურად წარმართვის მიმართულებით საზოგადოებაში ნდობის მოპოვება ვერ შეძლო.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში არის ნათქვამი, წინასწარი პატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობები უმეტესად შაბლონურია და მხოლოდ ზოგად მსჯელობას ემყარება.
“დღეის მდგომარეობით პასუხისგებაში მიცემულია 19 დემონსტრანტი და მხოლოდ 2 პოლიციელი.
საგამოძიებო ორგანოების მიერ გადადგმული ნაბიჯები, გარკვეულ შემთხვევაში ტოვებენ აღქმას, რომ ისინი არა საკითხის სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, არამედ საზოგადოებაში ბრალდებულის მიმართ ნეგატიური აზრის ფორმირებას ემსახურება. მაგალითად, შსს-ს მიერ ბეჟან ლორთქიფანიძის საქმეზე გავრცელებული ვიდეო და მოგვიანებით, იმავე შემთხვევაზე მედიით გავრცელებული სრული ვიდეო მასალა, ობიექტურ დამკვირვებლს მომხდართან დაკავშირებით განსხვავებულ აღქმას უჩენს”, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამართავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ცალსახაა, რომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენებში ყველა მონაწილე ჯგუფის პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიკვეთოს და სათანადოდ შეფასდეს, თუმცა, ამგვარი რეაგირება კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნათა მკაცრი დაცვით, დასაბუთების მაღალი სტანდარტით და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობით უნდა მოხდეს.
“მიმდინარე კრიზისის ფონზე, საზოგადოების დამოუკიდებელი ჯგუფების ფართო პროტესტის პარალელურად დემონსტრაციაში მონაწილეთა მიმართ შაბლონური შუამდომლობებისა და დაუსაბუთებელი განჩინებების საფუძველზე წინასწარი პატიმრობის მასიურად გამოყენება, ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების სურვილზე უფრო მიუთითებს. ამ შეფასებას ამძაფრებს ისიც, რომ საზოგადოებას დღემდე, ორი შემთხვევის გარდა, არ მიუღია სრულყოფილი პასუხი 20-21 ივნისს მოძალადე პოლიციელების მიმართ გატარებული რეალური ზომების შესახებ, კერძოდ დღემდე არ მომხდარა ყველა კანონდარმღვევი პოლიციელების გამოვლენა და პასუხისმგებლობაში მიცემა. ამასთან არც შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან მომხდარა პოლიტიკურ პასუხისმგებლობის გაზიარება, არც დემონსტრაციის დაშლისას გამოკვეთილი სისტემური პრობლემები არ ყოფილა გაანალიზებული და გააზრებული”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- ცენტრი “ემპათია”
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- მედიის განვითარების ფონდი
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
ამავე თემაზე:
“წინასწარი პატიმრობა ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე” – 20 ივნისის საქმე