ახალი ამბები

2019-ის მეორე კვარტალში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 37.5%-ით გაიზარდა

14 აგვისტო, 2019 • 1528
2019-ის მეორე კვარტალში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 37.5%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 37.5%-ით გაიზარდა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

აღნიშნული გულისხმობს, რომ საქართველოს რუსეთიდან 2019-ის აპრილში, მაისსა და ივნისში 378 200 ადამიანი ესტუმრა. ეს საქართველოში განხორციელებული ვიზიტების საერთო რაოდენობის 23%-ია.  რუსეთმა საქართველოს ტურისტული ემბარგო 8 ივლისიდან დაუწესა, შესაბამისად, ამის შედეგად გამოწვეული კლება აღნიშნულ სტატისტიკაში ასახული არ არის.

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა, რაც 13.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსულთა უდიდესი ნაწილი – 45 პროცენტი – 31-50 წლის მოგზაური იყო.

[gray_box]განმარტება:

  • ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.
  • ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით ჩამოსულები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).

ვიზიტი არის ვიზიტორების გადაადგილება. [/gray_box]

2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13 პროცენტით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.8% მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს, ტურისტული მიზნის მქონედ იგულისხმება ის ვიზიტორი, რომელიც ერთ ღამეს მაინც გაათევს ქვეყანაში, ხოლო ვინც ღამეს არ გაათევს, მათი ვიზიტის მიზანი რეგისტრირდება როგორც ექსკურსიული.

ოფიციალური სტატისტიკით, უცხოელები ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ თბილისსა (1 069 300) და აჭარას (516 700) ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული რეგიონების მიხედვით.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი