სომხეთის რევოლუცია. ფოტო: EPA/HAYK BAGHDASARYAN

ინდივიდის პასუხისმგებლობა – ფაშინიანის პოლიტიკის ქვაკუთხედი

ნორიკ გასპარიანი, ჟურნალისტი


სომხეთის რესპუბლიკაში მომხდარი ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციიდან წელიწადზე მეტი გავიდა. რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული პარტია “სამოქალაქო შეთანხმება” აცხადებს, რომ არცერთი კლასიკური პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი არ არის. 

“ჩვენი პარტიის შესახებ არასწორი ინტერპრეტაცია არსებობს. ჩვენზე ხშირად ამბობენ, რომ ლიბერალები ან ცენტრისტები ვართ. მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც უარყო “იზმები”. თანამედროვე მსოფლიოში აღარ არსებობს მყარი იდეოლოგიები. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ არ ვართ არც ლიბერალები, არც ცენტრისტები და არც სოციალ-დემოკრატები. ჩვენ ვართ სამოქალაქო პარტია”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, პარტია “სამოქალაქო შეთანხმების” საბჭოს სხდომაზე განაცხადა. 

და რას ნიშნავს “სამოქალაქო პარტია”? 

ფაშინიანის თანახმად, მე-17-20-ე საუკუნეებში ჩამოყალიბებული პოლიტიკური იდეოლოგიები ვეღარ აკმაყოფილებს სწრაფად ცვალებადი სამყაროს საჭიროებებს. საკუთარ განცხადებას ფაშინიანი ამყარებს იმ არგუმენტით, რომ ეკონომიკაში მსოფლიო მასშტაბით ლიდერი ქვეყანა ხდება კომუნისტური ჩინეთი, რომელსაც აქვს კერძო საკუთრებისა და ეკონომიკური კონკურენციის პოლიტიკა. თუმცა, როგორც ცნობილია, კლასიკური კომუნისტური იდეოლოგია და კერძო საკუთრება ერთმანეთთან შეუთავსებელია. აგრეთვე, ფაშინიანს მოჰყავს ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი. 

“ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ლიბერალიზმისა და თავისუფალი ვაჭრობის მედროშე ამერიკის შეერთებული შტატები ატარებს პროტექციონიზმისა და სატარიფო შეზღუდვების პოლიტიკას. მაშ ასე, ჩვენი პოლიტიკური იდეოლოგიის ღერძი არის იდეოლოგიური თარგების უარყოფა და ინდივიდუალური, ეროვნული, სახელმწიფო პოლიტიკური, საზოგადოებრივი იდენტობის სისტემური განვითარება და გაძლიერება”, –  აცხადებს ფაშინიანი. 

“იზმების” გარშე პოლიტიკა გახდა არაერთი სომეხი ექსპერტის და პოლიტიკოსის კრიტიკის საგანი გახდა. მათი მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც “სამოქალაქო შეთანხმება” არ ასახელებს, თუ კონკრეტულად რა იდეოლოგიის ირგვლივ ერთიანდებიან მისი წევრები, შეუძლებელია ჩამოყალიბდეს მკაფიო იდეოლოგიის მატარებელი გუნდი, რაც იმას გამოიწვევს, რომ ერთი და იმავე გუნდის მხრიდან განსხვავებული განცხადებები და შეფასებები გახმიანდება. 

ასეც მოხდა, მაგალითად, როდესაც სომხეთის ეროვნული კრების ტრიბუნიდან, პირველად ისტორიაში, სიტყვით გამოვიდა ტრანსგენდერი ქალი, “სამოქალაქო შეთანხმების” წარმომადგენლების მიერ კი მკაფიოდ განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გავრცელდა.

ინდივიდის პასუხისმგებლობა, როგორც დომინანტური იდეოლოგია 

სომხეთის მმართველი პარტია, “სამოქალაქო შეთანხმება”, ოფიციალურად 2015 წლის მაისში დაფუძნდა, თუმცა მისი ფორმირება ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, როდესაც  გაზეთ “Armenian Times”-ში (ჰაიკაკან ჟამანაკ) გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “სამოქალაქო შეთანხმება”, რომელსაც ხელს აწერდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სამოქალაქო აქტივისტები. დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ ჩამოყალიბდა ყოველკვირეული დისკუსიები, რამაც, საბოლოო ჯამში, პარტიის შექმნას შეუწყო ხელი. 

2019 წლის ივნისში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ პარტიის ფუნდამენტური დოკუმენტის მე-2 პუნქტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლის მეშვეობითაც სომხეთში რევოლუცია მოხდა. მეორე პუნქტში საუბარია რეალობაზე ინდივიდის გავლენისა და ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ქცევებს შორის კავშირების შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარი მიდის ინდივიდის პასუხისგებლობაზე და თვითკრიტიკაზე. 

ფაშინიანის თანახმად, მოქალაქეები ყველა საკითხში აკრიტიკებდნენ ყველას, გარდა საკუთარი თავისა. “სამოქალაქო შეთანხმებამ” კი მიაღწია იმას,  რომ მოქალაქემ ჯერ საკუთარი თავი გააკრიტიკოს და შემდეგ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნოს. 

ამ განცხადების შემდეგ კრიტიკის საგანი გახდა არა მხოლოდ მაშინდელი ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც, რადგან ამით “სამოქალაქო შეთანხმება” ხელისუფლების წისქვილზეც ასხამდა წყალს. 

ეს პუნქტი წლების განმავლობაში ყურადღების ცენტრში რჩებოდა. ამგვარად, 2016 წელს, სომხეთში ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, “სამოქალაქო შეთანხმება” აცხადებდა, რომ თუ მოქალაქეები არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და არ მისცემენ ხმას, ვერაფერს შეცვლიან. 

იგივე განცხადება გახმიანდა 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც “სამოქალაქო შეთანხმება” კოალიციაში შევიდა ორ ოპოზიციურ პარტიასთან, “ნათელი სომხეთი” და “რესპუბლიკა”.  მათ მიიღეს ამომრჩეველთა 7.78%-ის მხარდაჭერა. 

ფაშინიანი და კოალიციის დანარჩენი პარტიების ლიდერები აცხადებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, არჩევნების დროს რიგი დარღვევები დაფიქსირდა(ამომრჩევლის ტოტალურ მოსყიდვას ჰქონდა ადგილი და ა.შ.), მათ შეძლეს საკუთარი ხმების დაცვა. თუმცა, ამავე დროს, სხვა ოპოზიციური პარტიები არ ცნობდნენ არჩევნების ლეგიტიმურობას, მათ შორის იყო “სომხეთის ეროვნული კონგრესი”, სომხეთის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის ხელმძღვანელობით. იგივე რიტორიკა გვხვდებოდა რევოლუციის წინა პერიოდშიც. ნიკოლ ფაშინიანი იმეორებდა – თუ ხალხი ქუჩაში გამოვა, სერჟ სარგისიანი მესამედ ვეღარ დაინიშნება სახელმწიფო მეთაურის პოსტზე. 

“20 წელია, რაც ჩვენ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას და კარგად ვიცით, თუ რას არ აკეთებენ სწორად, მაგრამ ამით რეალობა არ იცვლება. იქნებ დროა, გავარკვიოთ, თუ რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია. იქნებ დროა, გავარკვიოთ, თუ რას არ აკეთებს მოქალაქე, იქნებ დროა, ვაღიაროთ, რომ ჩვენ ყველანი ვართ ის გარემო, რომელშიც ყვავის ტყუილი და კორუფცია”, – აცხადებდა ფაშინიანი.  

ამრიგად, პარტიამ ახალი თეზისი შეიმუშავა, სადაც ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და ცალკეული ვითარებაზე ინდივიდის გავლენის მნიშვნელობაზე იყო საუბარი. ამ იდეოლოგიის ფარგლებში, 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  შემდეგ, როდესაც პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი, პარტიის საბჭომ პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და გადადგა. 

პარტიის ფუნდამენტურ დოკუმენტში ასევე შეტანილია საკმაოდ კონსერვატიული პუნქტები, როგორიცაა საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა. დოკუმენტის 3 ბ პუნქტის მიხედვით, “სომხეთის რესპუბლიკის და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში, საჭიროებების მიხედვით, პარტიის წევრი ვალდებულია გაემგზავროს კონფლიქტის ზონაში, ან ჩაერთოს ისეთ ქმედებებში, რომელიც პირდაპირ ემასახურება სომხეთის სამხედრო გამარჯვების უზრუნველყოფას”. ასეც მოხდა 2016 წლის აპრილში მომხდარი ომის დროს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში მყოფმა ჰრაზდანის მერობის კანდიდატი სასუნ მიქაელიანი “სამოქალაქო შეთანხმების” რიგ წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრა ფრონტის ხაზზე. მათ შორის იყვნენ სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ახლანდელი სპიკერი არარატ მირზოიანი, ვიცეპრემიერი ტიგრან ავინიანი, განათლების მინისტრი არაიკ ჰარუთუნიანი, დეპუტატები და სხვა მინისტრები, რომლებიც იმ დროს ოპოზიციაში იყვნენ. 

იმავე პუნქტებს ასევე ეკუთვნის უახლოესი 20 წლის განმავლობაში სომხეთის მოსახლეობის გაორმაგებაც. მაგრამ, ამავე დროს, პარტიის ფუნდამენტურ დოკუმენტში საუბარია თავისუფალ ბაზარსა და ძლიერი სოციალური სახელმწიფოს მნიშვნელობის შესახებ. რაზეც უფრო ვრცლად ვილაპარაკებთ ქვემოთ. 

 

ეკონომიკური რევოლუცია 

 

2018 წლის სექტემბერში ფაშინიანმა განაცხადა, რომ საჭიროა “ეკონომიკური რევოლუცია”. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ხავერდოვან რევოლუციას აზრი არ ექნება, თუ არ განხორციელდება “ეკონომიკური რევოლუცია”. მაგრამ რას ნიშნავს “ეკონომიკური რევოლუცია” და თავსებადია თუ არა ერთმანეთთან “ეკონომიკა” და “რევოლუცია”? 

ფაშინიანი ამბობს, რომ ეკონომიკაში სერიოზული გარღვევის უზრუნველსაყოფად საჭიროა მკაფიო წესები. საუბარი მიდის კორუფციის აღმოფხვრის, საგადასახადო კოდექსის შეცვლისა და თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებაზე. სომხეთის ეროვნული კრების ეკონომიკური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, ბაბკენ თუნაინის თანახმად, სომხეთში მოქმედებდა დაგეგმარების პრინციპზე დამყარებული ეკონომიკა, ხოლო ახლა ცდილობენ თავისუფალ ბაზარზე გადასვლას, თუმცა ჯერაც პროცესში არიან და ზუსტად ამისთვისაა საჭირო რევოლუციური ტემპით მოქმედება. 

სომხეთის პრემიერი კი ამტიკიცებს, რომ “ეკონომიკური რეოლუცია” მოხდება იმავე ინსტრუმენტებით და იდეოლოგიით, რითაც მოხდა “პოლიტიკური რევოლუცია”. ანუ, იგივე თეზისით – საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორი არის ინდივიდის ტრანსფორმაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ “ეკონომიკური რევოლუციის” ფუნდამენტი იქნება იგივე, რაც პოლიტიკური რევოლუციის. ამ იდეის პოპულარიზაციისთვის, მაგალითად, სომხეთის მთავრობის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება ცალკე ინდივიდებისა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატების ისტორიები. 

“ეკონომიკური რევოლუცია” გაიმარჯვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე შეცვლის თავის ეკონომიკურ ქცევებს”,- აცხადებს ფაშინიანი. 

თუმცა ზემოთ აღნიშნულის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი ექსპერტები და ოპოზიციური პოლიტიკოსები. მათ შორისაა სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და ფილოსოფიის დოქტორი ჰრანტ ბაგრატიანი. მისი თქმით, “ეკონომიკური რევოლუცია” საერთოდ არ ხდება. ეკონომიკა ევოლუციური სისტემაა და რევოლუციებს ვერ იტანს”. 

ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ არ არის საჭირო, ცნება “ეკონომიკური რევოლუცია” გვესმოდეს კლასიკური გაგებით და საუბარია სავარაუდო ცვლილებების მასშტაბზე, ხარისხსა და სიჩქარეზე.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი