ახალი ამბებირეკლამა

გიორგი კეკელიძე: ტერმინი ,,ნაციხარი“ ბევრ ადამიანს დაუძლეველ ბარიერებს უქმნის

15 აგვისტო, 2019 • 1625
გიორგი კეკელიძე: ტერმინი ,,ნაციხარი“ ბევრ ადამიანს დაუძლეველ ბარიერებს უქმნის

გიორგი კეკელიძე – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:

,,ციხე არის დროის სიჭარბით კომპენსირებული სივრცის უკმარისობა“ – ვეუბნებოდი პატიმრებს მათივე ძველი ,,კოლეგის“ , ბროდსკის ამ სიტყვებს და მალევე მივხვდი, რომ ამ ადამიანების სახეზე გამოხატული ირონია ლოგიკური იყო – მათ იქ, სადაც სივრცე საკმარისია, ბევრი არაფერი ელოდათ ამ ჭარბი დროის ფასად – თუნდაც გამოსწორებულიყვნენ, თუნდაც ბევრი ეკითხათ და ესწავლათ. რამდენიმეს უკითხავს კიდეც: ,,რა დამრჩენია გარეთ, გარდა შიმშილისა და უპატივცემულობისა? ისევ უნდა მოვიპარო და უკან დავბრუნდე“.

სტუდენტობისას – ორიათასიანების დასაწყისში, ჩემს მეგობართან ერთად, ევროკავშირის პროგრამით ციხეში გაკვეთილებს ვატარებდი, მასე მერე წელიწადში რამდენჯერმე მაინც ვსტუმრობ და ასე თუ ისე ვისწავლე ის სამყარო.

მცდელობები და ძვრები შეიმჩნევა, თუმცა ჩვენ – სისტემურადაც და თვისობრივადაც, ისევ გვჭირდება გაცნობიერება – მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, თუ ადამიანმა სასჯელი მოიხადა, ის საზოგადოებას სრულფასოვნად, ვიმეორებ, სრულფასოვნად უნდა დაუბრუნდეს. სტერეოტიპული ნეგატიური ტერმინი  ,,ნაციხარი“ ამ პროცესგამოვლილ ადამიანს დაუძლეველ ბარიერებს უქმნის. მაშინ რაღატომ გვაქვს ციხეები? მხოლოდ საზოგადოებისგან განრიდებისა და იზოლაციისთვის? და მისი მეორე და უმთავრესი კომპონენტი – ე.წ. გამოსწორება? ანუ ადამიანისთვის შანსი დატოვება, დაუბრუნდეს საკუთარ ჰუმანურ მოცემულობას?

პირველი, აუცილებელია არსებული პროგრამების გაფართოება პენიტენციურ სისტემაში და მეორე – ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაციისთვის საზოგადოების შესაბამისი მომზადება. იმედი მაქვს, ეს ფაზები მალე დაიძლევა.

____

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი