ახალი ამბები

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქიბარ ხალვაშის უკან დგანან ხალვაშები – თალაკვაძე

13 აგვისტო, 2019 •
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქიბარ ხალვაშის უკან დგანან ხალვაშები – თალაკვაძე

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქიბარ ხალვაშის უკან დგანან ხალვაშები – მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადვოკატები, რომლებიც მის ინტერესებს იცავდნენ”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კითხვას იმის შესახებ, დგას თუ არა ქიბარ ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილი.

“რაც შეეხება ტელევიზიის საკუთრებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, არაერთი ინფორმაციაა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თუ რა ხდებოდა ფინანსურად ამ ტელევიზიაში, რა პრობლემები იყო. თუ რატომ მიიღო მან ტელეკომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილება, განმარტებები გააკეთა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, მედიაპლურალიზმს პირველ რიგში აჩვენებს მიკროფონების რაოდენობა, რაც 2012 წლიდან არის გაზრდილი.

“საქართველო იმსახურებს, რომ ჰყავდეს პროფესიონალური, ობიექტური, ეთიკური და თავისუფალი მედია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით მაუწყებლობს. ჩვენ როგორც ხელისუფლება, ამ პრინციპების დამცველი ვიყავით აქამდეც და ვიქნებით მომავალშიც. დანარჩენი შეფასებები თქვენით გააკეთეთ, არის თუ არა ქართულ მედიასივრცეში გინების, პირადი შეურაცხყოფების სივრცე რა დოზით არის ეს სივრცე – ეს არის თვითრეგულირების საქმე და ხელისუფლება ამაში არ ერევა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ტელევიზიის მისთვის მიკუთვნებიდან 3 კვირაში თქვა, რომ ტელეარხს ყიდის, რადგან იქ შემქნილი კრიზისული ვითარება და ფინანსური პრობლემები მას სხვა გზას არ უტოვებს. რაც შეეხება “რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიას, მისი შეფასებით, ის თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ ხალვაში “რუსთავი 2-ს” მალევე გაასხვისებდა და რეალურად, ის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი