ახალი ამბები

პოპ-ჯგუფის კონცერტის გაუქმებას ლიბანში პროტესტი და სოლიდარობის კამპანია მოჰყვა

12 აგვისტო, 2019 • 1121
პოპ-ჯგუფის კონცერტის გაუქმებას ლიბანში პროტესტი და სოლიდარობის კამპანია მოჰყვა

“მუსიკა უფრო ხმამაღალია” – ამ სახელწოდების მქონე სოლიდარობის კამპანია ლიბანში რადიკალური ჯგუფების მუქარების შემდეგ ადგილობრივი პოპ-ჯგუფის კონცერტის გაუქმებას მოჰყვა. ბენდის მხარდასაჭერად დედაქალაქ ბეირუთში გამართულ საპროტესტო კონცერტს ასობით ადამიანი დაესწრო, სხვები კი კამპანიაში ალტერნატიული ფორმებით ჩაერთვნენ.

ლიბანურ ჯგუფ “მაშრუყ ლეილას”, რომლის რეპერტუარი, ძირითადად, კონსერვატიულ საზოგადოებებში ტაბუირებულ თემატიკას მოიცავს, ვოკალისტი კი ღიად გეია, ლიბანის ქალაქ ბიბლოსში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე უნდა ემღერა.

9 აგვისტოს დაანონსებულ კონცერტს ხელი რადიკალური რელიგიური ჯგუფების უეცარმა კამპანიამ შეუშალა, რომელთაც მიიჩნიეს, რომ ჯგუფის ზოგიერთი სიმღერა მათ რწმენას შეურაცხყოფს. ზოგიერთმა მათგანმა გაავრცელა “მაშრუყ ლეილას” სოლისტის, ჰამედ სინოს მიერ  “ფეისბუქზე” 4 წლის წინ გაზიარებული სტატიაც, რომელიც პოპ-კულტურას შეეხებოდა, გარეკანის ფოტოზე კი მომღერალი მადონა ღვთისმშობელ მარიამის სახით იყო წარმოდგენილი. პოპულისტურ კამპანიას მალევე შეუერთდნენ ადგილობრივი მარონიტული ეკლესიის წარმომადგენელთა და პოლიტიკოსთა ნაწილი.

"მაშრუყ ლეილას" წევრები. ფოტო: ერთ-ერთი კონცერტიდან

სიცოცხლის მოსპობის მუქარების, ბულინგისა და მანიპულაციების შემდეგ, მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორებმა ჯგუფის კონცერტი გააუქმეს. თავად ჯგუფმა ვრცელ განცხადებაში მის მიმართ წარმოებულ სიცრუის, სიძულვილის კამპანიაზე ისაუბრა და მოუბოდიშა ყველას, ვინც რომელიმე სიმღერის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

“ჩვენი პატივისცემა სხვათა რწმენის მიმართ ისეთივე მყარია, როგორც პატივისცემა უფლების მიმართ, იყო განსხვავებული. ის, რაც ხდება, ამ ფასეულობებს კიდევ უფრო გვიმტკიცებს”, – დაწერა “მაშრუყ ლეილამ”.

პროცესების საპასუხოდ დაწყებული სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივმა აქტივისტებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, თავიანთ სახლებში, უბნებში, კაფეებში, რესტორნებში, ავტომობილებსა თუ ფეისბუქ ლაივებში ჯგუფის მუსიკა ჩაერთოთ.

“შეიძლება მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ “მაშრუყ ლეილას” მუსიკა, ეთანხმებოდეთ ან არ ეთანხმებოდეთ მათ აზრებს, მაგრამ თქვენ ვერ ჩაახშობთ ხალხის ხმას. ერთად დავიბრუნებთ იმას, რაც ამ ქვეყნიდან დაგვრჩა – გამოხატვის თავისუფლებას; რადგან ხალხი ხმის გარეშე – ხალხი არ არის, ერი თავისუფლების გარეშე –  ერი არ არის”, – წერდნენ ორგანიზატორები.

კამპანიას ლიბანის წამყვანი ტელეარხები და რადიოსადგურები შეუერთდნენ. საკუთარი პროტესტი დააფიქსირეს როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის “ამნესთი ინთერნეიშენალმა” და “გრინფისმა”.

კამპანია საპროტესტო კონცერტმა დააგვირგვინა სლოგანით “მუსიკა უფრო ხმამაღალია”, რომელიც ლიბანის დედაქალაქში მოეწყო და 30 ადგილობრივი არტისტი გააერთიანა. ღონისძიება შედგა 9 აგვისტოს – იმ დღეს, როცა ბიბლოსში “მაშრუყ ლეილას” უნდა ემღერა. საკონცერტო დარბაზში, AFP-ს ცნობით, 1 500-მა ადამიანმა მოიყარა თავი, კიდევ ასობით მოქალაქე კი შენობის გარეთ ელოდა საკუთარ რიგს.

"მაშრუყ ლეილას" მხარდამჭერი კონცეტი ბეირუთში. ფოტო: Laudy Issa

რელიგიურად ჭრელი ლიბანი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ სახელმწიფოდაა მიჩნეული, თუმცა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე რელიგიური წრეების გავლენა დიდია. ზემოაღნიშნულ კამპანიაში ჩართული აქტივისტები ჩივიან, რომ ვითარების გამოსაკეთებლად სახელმწიფო არაფერს აკეთებს და მეტიც, თავად არის პროცესის თანამონაწილე.

” “მაშრუყ ლეილას” აკრძალვა არც იზოლირებული პრაქტიკა იყო და არც გამონაკლისი. აკრძალვები მმართველი რეჟიმის წესად იქცა”, – აღნიშნეს ორგანიზატორებმა.

კონცერტზე აჩვენეს ჯგუფის ახალი ანიმაციური კლიპიც “Radio Romance”, რომელიც ბენდმა სოციალურ ქსელში ასეთი წარწერით გააზიარა: “მათთვის, ვინც არ დანებებულა, სიყვარული წინააღმდეგობაა”.

“მაშრუყ ლეილა” 2008 წელს, საცდელი პროექტის სახით, ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა შექმნა. შემდგომ ჯგუფი გაფართოვდა, სახელი გაითქვა როგორც არაბულ სამყაროში, ისე მის მიღმა და  კონსერვატიულ საზოგადოებებში რიგი ტაბუდადებული საკითხების, მათ შორის, ლგბტ უფლებების წინ წამოწევის ფონზე, არაერთგზის გადააწყდა პრობლემებს: ბენდი ორჯერ დაბლოკეს იორდანიაში, კაიროში გამართული კონცერტის შემდეგ კი, როცა ათობით ათასიან აუდიტორიაში ლგბტ დროშები აფრიალდა, “მაშრუყ ლეილა” ეგვიპტეშიც აკრძალეს.

ვრცლად, ჯგუფის შესახებ:

ლიბანური პოპ-ჯგუფი ლგბტ უფლებებისა და თანასწორობისთვის არაბულ სამყაროში

მასალების გადაბეჭდვის წესი