ახალი ამბები

გვარამია ამბობს, რომ რ2-ის ყიდვას არ აპირებს

12 აგვისტო, 2019 • 992
გვარამია ამბობს, რომ რ2-ის ყიდვას არ აპირებს

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელეკომპანიის ყიდვას არ აპირებს და შესაბამისად, არც ქიბარ ხალვაშის მიერ გაცხადებულ კონკურსში არ მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ხალვაში რუსთავი 2-ს ყიდის და კონკურსს აცხადებს. ხალვაში განცხადებაში ამბობს, რომ ტელეკომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, რის გამოც, კონკურსი ერთი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს. 

“არ იყო მოულოდნელი, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, უბრალოდ უფრო ადრე მოხდა, ვიდრე მეგონა. არანაირ კონკურსში არ მივიღებ მონაწილეობას, რუსთავი 2 არის ისტორიის დახურული ფურცელი, სამწუხაროდ და ეს ფურცელი დახურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ამ ადგილზე კორპუსების მეტი არაფერი იქნება გარწმუნებთ. ტელევიზია იქ აღარ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ,“ – ამბობს ნიკა გვარამია ტელეკომპანია “იმედთან“ საუბრისას.

ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს მას დააპატიმრებენ თუ არა, ის მაინც გახსნის ახალ ტელეარხს, რომლის სახელწოდებაც “მთავარი არხი” იქნება.

ნიკა გვარამიამ ახალი ტელეარხის გახსნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიმდინარე წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ქართულ სასამართლოებში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა კონვენციის რომელიმე მუხლი. შესაბამისად, იმავე დღეს რუსთავი 2 გადაიფორმა ქიბარ ხალვაშმა და ნიკა გვარამია დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა.

ამავე თემაზე:

სასამართლომ გვარამიას 40 ათასი ლარი გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა

მასალების გადაბეჭდვის წესი