ახალი ამბები

თურქეთი რუსეთისგან Su-35-ების შესყიდვის განხილვას იწყებს – მედია

12 აგვისტო, 2019 • 1423
თურქეთი რუსეთისგან Su-35-ების შესყიდვის განხილვას იწყებს – მედია

თურქეთის თავდაცვის შესყიდვების ორგანომ სამხედრო უწყებას დაავალა, რუსეთისაგან Su-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ თურქული პროსამთავრობო გამოცემა “Yeni Şafak” იუწყება.

გაზეთის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო უწყება წინადადებას მიიღებს, ანკარა მოსკოვთან აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ მოლაპარაკებას დაიწყებს. მისივე ცნობით, თავის დაზღვევის მიზნით, ერდოღანის ხელისუფლება ავიაგამანადგურებლების შესყიდვას ჩინეთისა და პაკისტანისგანაც განიხილავს.

მანამდე, გასულ თვეში, აშშ-მ ანკარას F-35 ტიპის გამანადგურებლების პროგრამა დაატოვებინა. ამ შეთანხმების მიხედვით, თურქეთს ამერიკისგან 100 ცალი F-35 უნდა შეეძინა. თუმცა, ვაშინგტონმა ნატოს წევრი ქვეყანა პროგრამიდან გარიცხა მას შემდეგ, რაც ერდოღანის ხელისუფლებამ მოსკოვისგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემა, ტრამპის ადმინისტრაციის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც შეიძინა.

ვაშინგტონის ხისტი გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია “როსტეხის” ხელმძღვანელმა, სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად იყო ანკარისთვის Su-35-ების მისაყიდად. მაშინ თურქეთის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ აღნიშნულზე, ჯერჯერობით, არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი