აშშ თურქეთს აფრთხილებს, არ იყიდოს რუსეთისგან S-400 სარაკეტო სისტემა

აშშ თურქეთს ისევ აფრთხილებს, ნუ იყიდის რუსეთისგან S-400 სარაკეტო სისტემას. ეს შესყიდვა, აშშ-ის თანახმად, საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის მიერ თურქეთისთვის F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდების პროცესს და სხვა პოტენციურ სამხედრო შეთანხმებებს.

გაფრთხილებაზე პასუხად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან სარაკეტო სისტემის შესყიდვის ხელშეკრულებაზე უკვე მოწერილია ხელი. მისივე განცხადებით, შესაძლოა, თურქეთმა შემდეგი თაობის S-500 სისტემაც შეისყიდოს.

ერდოღანი ამბობს, რომ აშშ არ უნდა ეცადოს, “დასაჯოს” თურქეთი სავაჭრო სანქციებით და ანკარასაც აქვს მომზადებული “ჯარიმები”.

ამ განცხადებების შემდეგ თურქული ლირა ამერიკული დოლარის მიმართ გაუფასურდა. გასული წლიდან მოყოლებული ლირა აშშ დოლარის მიმართ 30%-ითაა გაუფასურებული.

აშშ-მა წინა წლებში თანხმობა განაცხადა, თურქეთისთვის მიეყიდა ბოლო თაობის F-35 ტიპის 100 ცალი ავიაგამანადგურებელი. თუმცა 2018 წლის აგვისტოში კონგრესმა შეაჩერა თურქეთისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდება და ამჟამად თურქეთისთვის მხოლოდ ორი F-35 ტიპის გამანადგურებელია მიწოდებული.

შეთანხმების ფარგლებში, თურქეთის პილოტებს სპეციალური გადამზადება აშშ-ში უნდა გაევლოთ; საბოლოოდ კი, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თურქეთი F-35-ების მესამე უმსხვილესი ოპერატორი უნდა გამხდარიყო.

აღნიშნულს ეწინააღმდეგებოდნენ როგორც აშშ-ის სენატში, ასევე- კონგრესში, ჯერ კიდევ თურქული მხარისთვის პირველი მოიერიშეების გადაცემამდე. მაშინ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი თურქეთის მიერ რუსული წარმოების S-400-ის ტიპის თავდაცვის სისტემის შეძენა და ამერიკელი პასტორის დაკავება იყო. მიუხედავად კრიტიკისა, პროცესი მაინც დაიწყო.


აშშ-სა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლებაზე უარი თქვა. აღნიშნულს ვაშინგტონის მხრიდან ფინანსური სანქციები მოჰყვა. ისინი ჯერ ქვეყნის მთავრობის წევრებს შეეხო, შემდეგ კი, ტრამპის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა და ტარიფები გაორმაგდა თურქეთიდან იმპორტირებილ პროდუქციაზე, მათ შორის, რკინასა და ალუმინზე. თურქეთის პრეზიდენტმა პროცესები “ეკონომიკურ ომად” შეაფასა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com