ახალი ამბები

5 ლარიც რომ იყოს გირაო, არ გადავიხდი, ეს პრინციპის საკითხია – გვარამია

11 აგვისტო, 2019 • 1602
5 ლარიც რომ იყოს გირაო, არ გადავიხდი, ეს პრინციპის საკითხია – გვარამია

რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გავრამია აცხადებს, რომ ის პრინციპულად არ აპირებს მისთვის შეფარდებული გირაოს – 40 ათასი ლარის გადახდას. ამის შესახებ გვარამიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“5 ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, არ გადავიხდი. პრინციპის ამბავია. მოსამართლეს ვუთხარი, გირაოს არ გადავიხდი, არ გამომიტანო-თქო. ასეთი რამ არ გამიგია. ბრალდებული გეუბნება, არ გადავიხდი და მაინც გამოგაქვს. მთავარი ის არის, რომ პროკურატურას ის დაემართა, რა სიმბოლური შარვალიც გუშინ ჩავიცვი, რეალურად შეეშინდა და გასაგები იყო, არ მოითხოვეს პატიმრობა, მოითხოვეს გირაო.

ერთი თვის მერეც არ გადავიხდი და ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის. ეს არის ამ საკითხის მთელი ანატომია. მე დავტოვე ორი გზა – ან თავისუფლება და ან პატიმრობა. ეს მოსამართლე, სამწუხაროდ, რას გადაწყვეტს, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ვითომ მომცა შეღავათი პატიმრობის ნაცვლად გირაო. არ მინდა ბატონო ეგ შეღავათი, მაინც არ გადავიხდი”, – თქვა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიების სახით დამატებით დაზღვარგარეთ გასვლის შეზღუდვა პროკურატურის ნებართვის გარეშე.

“სრულიად გაუგებარი ამბავია. რაში სჭირდებათ? ხომ გასაგებია, რომ აქვე, ამ წუთში მივაბამ ამ გადაწყვეტილებას  ოპოზიციური მედიის დამფუძნებლის თავისუფლების შეზღუდვას და ასევე ინფორმაციის ცოდნასთან, სად მიდის, ვისთან და რატომ. რაში სჭირდებათ, რომ ამას რომ იჩალიჩებენ? ეს ხომ ის არის, რაც არ უნდა გააკეთოს საღ აზრზე მყოფმა?”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე არის “ბოდვა” და ის კატეგრიულად არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას.

ნიკა გავრამია ამბობს, რომ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. რაც შეეხება პროკურორს, პროცესის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს იმ მიზნებს, რა მიზნითაც უწყებამ გირაო მოითხოვა.

პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ასევე განაცხადა, რომ თუ გვარამიამ ერთი თვის ვადაში არ გადაიხადა გირაო, უწყება ამის შემდგომ იმსჯელებს, თუ რას მოიმოქმედებს.

პროკურატურის ბრალდება

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსთავი 2-ისა და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

ნახეთ ვრცლად: პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა 

სასამართლომ გვარამიას 40 ათასი ლარი გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა

მასალების გადაბეჭდვის წესი