ახალი ამბები

გვარამიასთვის ბრალის წაყენებას აღვიქვამთ პოლიტიკურ დევნად – რ2-ის ყოფილი მფლობელები

10 აგვისტო, 2019 • 1299
გვარამიასთვის ბრალის წაყენებას აღვიქვამთ პოლიტიკურ დევნად – რ2-ის ყოფილი მფლობელები

“რუსთავი 2-ის” ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას ეხმაურებიან ტელეარხის ყოფილი მფლობელები – ძმები ყარამანიშვილები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. მათ განცხადებას “რუსთავი 2” ავრცელებს.

“ჩვენ როგორც ტელეკომპანია “რუსთავის 2-ის“ წილების უმრავლესობის მესაკუთრეები ვაცხადებთ, რომ წლების განმავლობაში “რუსთავი 2-ის” წარმატება ნიკა გვარამიასთან იყო დაკავშირებული.

ნიკა გვარამიას საქმიანობის შედეგად გაიზარდა კომპანიის შესაძლებლობები, მრავალფეროვანი გახდა სამაუწყებლო ბადე. “რუსთავი 2” იქცა მასშტაბურ მაუწყებლად, სადაც ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

ერთადერთი, რამაც ზიანი მიაყენა კომპანიას, ეს არის ივანიშვილის აგრესიული პოლიტიკა და რეჟიმის მიერ მართული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებები, მათ შორის ყადაღა და თანმდევი შეზღუდვები. ამან სერიოზული ფინანსური დანაკარგი გამოიწვია. ამის შედეგად ტელეკომპანიის არაორდინალურ პირობებში უწევდა საქმიანობა. ამ ვითარებაშიც ნიკა გვარამიამ სრულფასოვანი მაუწყებლობისთვის შესაბამისი პირობების შექმნა მოახერხა.

ტელეკომპანია “რუსთავის 2” წლების განმავლობაში იყო თავისუფალი სიტყვის და კრიტიკული აზრის სიმბოლო საქართველოში. სწორედ ამიტომ, ივანიშვილს და მის გარემოცვას ჩვენი კომპანიის და გენერალური დირექტორის მიმართ მიუღებლობა არასოდეს დაუმალავს.

აქედან გამომდინარე, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას აღვიქვამთ აშკარა პოლიტიკურ დევნად, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან და სამართლიანობასთან“, – ნათქვამია ყოფილი მფლობელების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


9 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ “რუსთავი 2-ისა” და სარეკლამო კომპანია “ინტერმედიის” საქმეზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შპს “ინტერმედიას” მიანდო “რუსთავი 2-ის” სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებით, “ინტერმედიამ” გვარამიას გადასცა ორი ბინა ვაკეში, რომელიც გვარამიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტად გაყიდა.

ბრალის წარდგენის შემდეგ საგამოძიებო უწყება სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

ნიკა გვარამიამ მის მიმართ ბრალის წაყენებას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ “კორუფცია არის თემა, რომელთან შედარებით უმძიმესი დანაშაულები ემსუბუქება”. როგორც გვარამია წერს, “ეს არის მისი წითელი ხაზი, რაც ბიძინა ივანიშვილმა მეორედ გადაკვეთა”. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ბინების გადაცემა მოხდა ვალის დაბრუნების მიზნით და აღნიშნული ეპიზოდი ემსახურება მასზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რეალობაში კი საქმეში ამასთან დაკავშირებით მასალები არ დევს და მისთვის ამ საკითხზე კითხვებიც არ დაუსვამთ.

ნიკა გვარამია პროკურატურას: ან პატიმრობა, ან თავისუფლება, მესამე ვარიანტი არ არსებობს

მასალების გადაბეჭდვის წესი