ხობში მაჩხომერის გორაზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს – გუბერნატორი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მაჩხომერის გორის შესწავლა მიმდინარეობს. აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით ძეგლი მეექვსე საუკუნეს განეკუთვნება. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გაავრცელა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური გვაცნობებს, რომ გორაზე აღმოჩნდა დიდი არქიტეტურული კომპლექსი, რომელიც გალავნის, კოშკებისა და სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება, ამჟამად კი ერთ-ერთი ნაგებობის გათხრები მიმდინარეობს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაჩხომერის გორაზე აღმოჩენილია ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები, ასევე აკლდამა, რომლის შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს, გათხრების დროს ასევე აღმოჩნდა 26 მინის ჭურჭელი, აგრეთვე, მარმარილოს ფილა, რომელზეც ორი მტრედი და ჯვარია გამოსახული.

არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეშიც:

ცვანეს დიდ დიხაგუძუბაში ანტიკური ხანის ფენის და შუაბრინჯაოს ხანის ხის კონსტრუქციების შესწავლა მიმდინარეობს. აღმოჩნდა, რომ ამ ადგილას ანტიკური ხანის ხის სამლოცველო არსებობდა, რომელიც თიხით იყო გალესილი, შენობა ძლიერი ხანძრის შედეგად განადგურდა. ამ ადგილზე აღმოჩენილია რკინის და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები, ქვის საფქვავების დეტალები, ქსოვისთვის გამოსაყენებელი ნივთები, მოპოვებულია საბერძნეთის სხვადასხვა ცენტრებიდან იმპორტიებული თიხის ნაწარმები. სიახლეს წარმოადგენს გათხრების შედეგად აღმოჩენილი იბერიული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც აქამდე კოლხეთის დაბლობზე აღმოჩენილი არ იყო”.

ცვანეს დიხაგუძუბა წარმოადგენს უნიკალურ, ძეგლს, სადაც თითქმის უწყვეტად წარმოდგენილია შუაბრინჯაოს, გვიანბრინჯაოს, ადრეანტიკური და ელინისტური პერიოდების კოლხეთის ისტორიის ამსახველი არტეფაქტები.

ხობში მაჩხომერის გორაზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.