ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: აშშ ქართულ ნაციონალიზმს კავკასიაში სამხედრო ბაზის შესაქმნელად იყენებს

11 თებერვალი, 2015 • 1047
ცხინვალი: აშშ ქართულ ნაციონალიზმს კავკასიაში სამხედრო ბაზის შესაქმნელად იყენებს

“ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არაერთი განცხადება გააკეთა, რომლებშიც მოუწოდა რუსეთს უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე. მან ასევე შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მომავალი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

 

მსგავს უსაფუძვლო განცხადებებს დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი უკვე ექვსი წელია აკეთებს. ცნობილია, რომ ამა თუ იმ ქვეყნის აღიარება სახელმწიფოს განსაკუთრებული პრეროგატივაა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის თანამშრომლობა ვითარდება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მკაცრი დაცვით და არავითარ შემთხვევაში არ არის დამოკიდებული მესამე ქვეყნის ნება-სურვილზე”, – წერია  სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს კავკასიაში სამხედრო ბაზები ესაჭიროება და ის ქართულ ნაციონალიზმს სწორედ ამ სტრატეგიული მიზნისთვის იყენებს.

 

“ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებმა და სხვებმა, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამოდიან, დროა გააცნობიერონ, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით მოახდინა. ამის დაპირისპირების მცდელობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეგიონში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზაციის წინააღმდეგ გამოსვლის ტოლფასია”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებში.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი