ახალი ამბებისამართალი

საია ევროსასამართლოში ოთხოზორიას მკვლელის საქართველოსთვის გადმოცემას მოითხოვს

8 აგვისტო, 2019 • 1230
საია ევროსასამართლოში ოთხოზორიას მკვლელის საქართველოსთვის გადმოცემას მოითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან – “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” (EHRAC) თანამშრომლობით, გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა, რომლითაც საქართველოს მოქალაქის მკვლელობში დაუსწრებლად მსჯავრდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემას ითხოვენ.

მომჩივნები, ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად, ითხოვენ , რომ ევროპულმა სასამართლომ მიუთითოს რუსეთის ფედერაციას კონკრეტულ ზომებზე, რომლის მიღებაც საჭიროა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავე პირების დასჯისთვის:

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებას, მომჩივნები შუამდგომლობენ, რომ ევროპულმა სასამართლომ დაავალოს რუსეთის ფედერაციას რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემა, რათა მოხერხდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულება”.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.

ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. მომჩივნები დავობენ ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე. შესაბამისად, მომჩივნები აცხადებენ, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების მატერიალური და პროცედურული ნაწილები.

  • 2018 წლის 8 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.

რუსეთის ფედერაცია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ იხსენიებს, რომელმაც თავი დააღწია საქართველოს აგრესიას და თვითგამორკვევის გზით გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ მისი იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, იგი არ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ან რაიმე სახის ზეგავლენას ,,აფხაზეთის რესპუბლიკაზე“, ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის წერილობითი არგუმენტაციის საპირისპიროდ, როგორც საჩივარში, ასევე შემდგომ წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში, საიამ და EHRAC-მა მიუთითეს არაერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნების შუამდგომლობა და დაავალა რუსეთის ფედერაციას, წარმოედგინა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლები. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, რუსეთის ფედერაციამ ვალდებულება არ შეასრულა. ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში საია დამატებით მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპული სასამართლოსთვის საქმის მასალების არ გადაცემა არღვევს კონვენციის 38-ე მუხლს”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი აღნიშნავენ, რომ გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია პრეცედენტული მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი