ახალი ამბები

თბილისში, ანწუხელიძის ქუჩის გვერდით, კიდევ ერთი გმირის, შმაგი სოფრომაძის ქუჩა გაიხსნა

8 აგვისტო, 2019 • 4773
თბილისში, ანწუხელიძის ქუჩის გვერდით, კიდევ ერთი გმირის, შმაგი სოფრომაძის ქუჩა გაიხსნა

თბილისში, ისნის რაიონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. სამხედრო ქალაქთან, სადაც გიორგი ანწუხელიძის ქუჩა მდებარეობს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კიდევ ერთი მებრძოლის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მიიღო.

დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის შმაგი სოფრომაძის სახელის მინიჭების საკითხი თბილისის საკრებულოში გასული წლიდან იყო ინიცირებული.


რამდენიმე წლის წინ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიცირებით, შმაგი სოფრომაძის სახელი თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრის სკოლასაც მიენიჭა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის მემორიალური დაფაც გაიხსნა.


შმაგი სოფრომაძე – უმცროსი სერჟანტი, რომელიც ვახტან გორგასლის პირველი ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.

აგვისტოს ომის მონაწილეთა მონათხრობით, შმაგი სოფრომაძე 6 თანამებრძოლთან ერთად ოკუპანტების ტყვეობაში აღმოჩნდა და დაუნდობელი სისასტიკით აწამეს:

უმცროს სერჟანტს საკუთარი თვალით აყურებინეს საფლავის გათხრას და შემდეგ აიძულეს, საქართველოს დროშაზე ფეხით შემდგარიყო. წინააღმდეგობის გაწევის გამო ქართველი მებრძოლი რუსული არმიის წევრებმა დახვრიტეს. შმაგი სოფრომაძე საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე”.


გუშინ, 7 აგვისტოს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხი განიხილება და დღის წესრიგში დგას.

ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები დიდი ხანია ითხოვენ მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას. ისინი ხელისუფლებას მოსკოვის გამზირის ნაცვლად ამ ქუჩისთვის რუსეთთან კონფლიქტის დროს დაღუპული გმირების სახელების დარქმევას სთხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა გასულ წელს 12 000 ხელმოწერა წარუდგინეს ხელისუფლებას მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევაზე. პეტიცია ამ ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი